ჰეიგელის ვიზიტი საქართველოში

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი საქართველოში იმყოფება

თავდაცვის სამინისტრო

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი უკვე საქართველოშია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პენტაგონის ხელმძღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი დახვდა. აეროპორტში იმყოფებოდნენ ასევე, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, მისი ქართველი კოლეგა არჩილ გეგეშიძე და აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ხვალ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ამერიკელ კოლეგას თავდაცვის სამინისტროში მიიღებს.

დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან.

სამინისტროს ინფორმაციით, პენტაგონის უმაღლესი წარმომადგენელი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითებს შეხვდება და სიტყვით მიმართავს.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 8 სექტემბერს დასრულდება.

კომენტარები