უელსის სამიტი

მარგველაშვილი ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს შეხვდა

facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, NATO-ს სამიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს და ინტეგრაციის პერსპექტივაზე იმსჯელეს. "საუბარი შეეხო ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის თემატიკას. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ამ ხელშეკრულების რატიფიკაციის მნიშვნელობა ევროპარლამენტისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ. როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, მნიშვნელოვანია ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება აღნიშნული ხელშეკრულების მაქსიმალურად ეფექტიანად ამოქმედებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და ამ მიმართულებით ურთიერთობის განვითარებას.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონალურ უსაფრთხოების საკითხებს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს უკრაინის კრიზისზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე",- წერია პრესსამსახურის პრესრელიზში.

შეგახსენებთ, რომ უელსში NATO-ს სამიტის მეორე დღე მიმდინარეობს. სწორედ დღეს იმსჯელებენ იმ სპეციალურ პაკეტზე, რომელსაც საქართველო NATO-სგან მიიღებს.

კომენტარები