უელსის სამიტი

რასმუსენი: ალიანსის წევრები მზად არიან უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიონ

facebook.com/andersfoghrasmussen

NATO-ს წევრი ზოგიერთი ქვეყნები მზადაა უკრაინას სამხედრო ტექნიკით დაეხმაროს - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა უელსის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რასმუსენის თქმით, რუსეთის უარყოფის მიუხედავად, რუსული ჯარი უკრაინაში ომშია ჩართული.

”რუსეთი ახლა უკრაინის წინააღმდეგ უკრაინაში იბრძვის. რუსეთი აგრძელებს აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედროების იარაღით მომარაგებას. რუსული ძალები და ტანკები უკრაინულ ძალებს ებრძვიან. მოსკოვი საუბრობს მშვიდობასა და სტაბილურობაზე, თუმცა მის დასამყარებლად ნაბიჯსაც არ დგამს” - განაცხადა რასმუსენმა.

მისი განცხადებით რაც ახლა უკრაინაში ხდება ევრო-ატლანტიკური ზონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის სერიოზული საფრთხეა.

”მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ხდება, რომ ერთი ევროპული ქვეყანა მეორის ტერიტორიის მითვისებას ძალის გამოყენებით ცდილობს. უძლიერესის კანონი, სამართლის კანონს ვერ ჩაანაცვლებს” - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა

რასმუსენის განცხადებით NATO სასტიკად გმობს და არ აღიარებს რუსეთის მიერ არალეგალურად და არალეგიტიმურად თვითგამოცხადებულ ყირიმის ანექსიას.

”ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს უკან წაიღოს ყირიმის თვითგამოცხადებული ”ანექსია”, რომელსაც ჩვენ არც ახლა და არც არასოდეს ვაღიარებთ.” - განაცხადა რასმუსენმა.

NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით ალიანსი უკრაინაში რუსეთის ნებისმიერი სახით მოქმედებას, თუნდაც ჰუმანიტარული დახმარების შეტენას, საერთაშორისო სამართლის სასტიკ დარღვევად მიიჩნევს.

”NATO-ს ყველა წევრი ქვეყანა(28) თავის მხარდაჭერას კიდევ უფრო გაზრდის, რათა უკრაინამ შეძლოს საკუთარი უსაფრთხოების უკეთ უზრუნველყოფა” - განაცხადა რასმუსენმა.  

რასმუსენის თქმით NATO-მ უკვე გააძლიერა უკრაინაში არსებული თავდაცვის განათლების, პროფესიული განვითარების, უსაფრთხოების სექტორის მართვის და სხვა პროგრამები. მისი განცხადებით NATO მომავალშიც იგივეს გააგრძელებს და ახალ პროგრამებსაც დაიწყებს. ასევე NATO უკრაინას ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერებისთვის 15 მილიონი ევროთი დაეხმარება.

”მოკავშირეები ახალ პროგრამებს დაიწყებენ, სადაც აქცენტი ხელმძღვანელობაზე, კომუნიკაციებზე, ლოჯისტიკასა და სტანდარტიზაციაზე, ასევე კიბერ უსაფრთხოებაზე და სტრატეგიულ კავშირზე იქნება. NATO დაეხმარება უკრაინას დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციაში. მოკავშირეების კონსულტაციები კიევში NATO-ს ოფისში კიდევ უფრო მყარი გახდება. მოკავშირეებმა ასევე გაითვალისწინეს უკრაინის თხოვნა სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით და ბევრი მოკავშირე ორმხირივი შეთანხმების საფუძველზე უკრაინას სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას გაუწევს.” - განაცხადა რასმუსენმა.

რასმუსენმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ომი კონფლიქტის მოგვარების გზა არ არის. მისი განცხადებით თუ რუსეთი უკან არ დაიხევს, სანქციები კიდევ უფრო მკაცრი უნდა გახდეს, რაც მათ ეკონომიკას კიდევ უფრო ძლიერ დააზარალებს.

NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით ამ ეტაპზე მას უჭირს დაიჯეროს, რომ ვლადიმირ პუტინს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება სურს. 

კომენტარები