საერთაშორისო ლიდერობის ფორუმი

პრემიერი: უმცირესობათა უფლებების დაცვა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო ლიდერობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის უმცირესობათა უფლებების დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტია.

"ადამიანის, მათ შორის, უმცირესობათა, ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაც ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. როგორც უკვე ვახსენე, თომას ჰამარბერგმა და ევროკავშირმა მოგვაწოდეს მნიშვნელოვანი რჩევები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მათთან თანამშრომლობით ჩვენ შევიმუშავეთ ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელთა მიზანიცაა შვიდი წლის განმავლობაში ქვეყნის სამართლებრივი და ინსტიტუციური ბაზის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კულტურისა და პრაქტიკის დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, თომას ჰამარბერგმა, ადამიანის უფლებათა ანგარიშში აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების რეაქცია რელიგიის თავისუფლების ხელყოფისას ჭელაში და სხვაგან „არაადეკვატური/შეუსაბამო" იყო. ანგარიშში ასევე ეწერა, რომ აგრესორსა და ხელისუფლებას შორის თანამონაწილეობის განცდას შესაძლოა ხელი შეეწყო მსგავსი ინციდენტების გამეორებისა და განვრცობისთვის სხვა სოფლებში". ჰამარბერგის შეფასება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რელიგიის თავისუფლების შესახებ, საერთაშორისო მოხსენებაშიც მოხვდა.

კომენტარები