სიტუაცია უკრაინაში

ნოვაკი: მერკელს შეუძლია კიტრის რეგულირება, ევროპის ინტერესების დაცვა - არა

ანგელა მერკელი
JOHANNES EISELE / AFP

მერკელი არა ევროკავშირის არამედ გერმანიის ინტერესებს ატარებს  - ამის შესახებ პოლონეთის დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა გენერალმა ზბიგნევ ნოვაკმა განაცხადა.

ნოვაკმა მკაცრად გააკრიტიკა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, იმის გამო რომ მას არ შეუძლია რუსეთთან დიალოგისას ნორმალურად წარმოაჩინოს მთლიანად ევროკავშირის ინტერესები.

გენერალის უკმაყოფილება კანცლერის განცხადებამ გამოიწვია, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინაში კრიზისის დასრულებამ რუსეთი არ უნდა დააზარალოს.

”თუ მას შეუძლია კიტრების სიგრძის რეგულაცია, მაშინ რატომ არ შეუძლია ევროკავშირის სახელით რუსეთის ფედერაციასთან ნორმალურად აწარმოოს მოლაპარაკებები. სადაა ახლა ევროკავშირი ?  მერკელი მხოლოდ გერმანიის ინტერსებს ატარებს” - განაცხადა ნოვაკმა.

პოლონეთის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ პოლონეთიც ისე იქცევა, როგორც გერმანიის ხელისუფლება - არაფერს არ აკეთებს. ნოვაკი მიიჩნევს, რომ დასავლეთი სათანადოდ არ აფასებს რუსეთისგან მომავალ საფრთხეს და ის პოლონეთის გაყოფას იხსენებს.

”რა იქნება შემდეგ? რუსეთმა ბალტიისპირეთის ქვეყნების გავლით შესაძლოა ექსტერიტორიული კორიდორი გააკეთოს კალინინგრადში.” - განაცხადა ნოვაკმა და დასძინა, რომ პოლონეთი უარესისთვის უნდა მოემზადოს.

ნოვაკის განცხადებით სიტუაცია კრიტიკულად სახიფათოა.

”საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში ჩვენ ისიც კი არ შეგვიძლია, რომ თავდაცვითი შეიარაღება განვალაგოთ.  თუ ჩვენ საკუთარი თავდაცვისთვის ნორმალურად ვერ მოვემზადეთ, მაშინ რად ღირს ჩვენი კავშირი გერმანიასთან ? მე არ მესმის” - განაცხადა გენერალმა.

ნოვაკი დარწმუნებულია, რომ პოლონეთმა დიდი იმედები არ უნდა დაამყაროს გერმანიასთან ურთიერთანამშრომლობაზე და პრეზიდენტ კაჩინსკის პოლიტიკა უნდა გააგრძელოს - აღადგინოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების ალიანსი. 

კომენტარები