NDI-ის კვლევა

კალაძე: ის, რომ ქართული ოცნების რეიტინგი დავარდა, ცოტა ღიმილისმომგვრელია

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძისთვის გაუგებარია ის მეთოდოლოგია, თუ როგორ აწარმოებს NDI საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას.

"გაუგებარია ის მეთოდოლოგია, თუ როგორ ხდება ეს გამოკითხვები. გაურკვეველია ის, თუ რამდენად გამჭვირვალეა ეს პროცესები. გავიხსენოთ 2012 წლის არჩევნები და NDI-ის კვლევები - რამდენად შეუსაბამო იყო ის. ის, რომ ქართული ოცნების რეიტინგი დავარდა, ცოტა ღიმილისმომგვრელია, რადგან ვიცით, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება კოალიციის მიმართ", - განაცხადა კახა კალაძემ.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა 3 ივლისი-7 აგვისტოს პერიოდში ჩატარებული კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოაქვეყნა. შემცირებულია მინისტრთა კაბინეტის თითქმის ყველა წევრის საქმიანობის დადებითად შემფასებელთა რიცხვი. ასევე, 10-10%-ით შემცირდა პარლამენტის თავმჯდომარის და მისი მოადგილის მანანა კობახიძის მოწონების რეიტინგი. გარდა ამისა, იკლო იმ გამოკითხულთა რაოდენობამ, ვისაც პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მოსწონს, ხოლო იმატა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მომწონებელ გამოკითხულთა რიცხვმა. ამასთან, 3%-ით იკლო იმ ადამიანთა რაოდენობამ, რომელიც ქართული ოცნების საქმიანობას დადებითად აფასებს. ხოლო კოალიცია ქართულ ოცნებას საკუთარ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგარ პარტიად გამოკითხულთა 42% ასახელებს, რაც აპრილთან შედარებით არ შეცვლილა, ხოლო ნოემბერთან შედარებით, 19%-ით არის შემცირებული.

 

კომენტარები