თბილისის მერია

მერიამ "არაკვალიფიციურობის" მოტივით, 31 ინფრასტრუქტურული ტენდერი შეწყვიტა

Wikipedia

თბილისის მერიამ კეთილმოწყობის სამსახურის მიერ ინიცირებული 31 ინფრასტრუქტურული ტენდერი შეწყვიტა. როგორც თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ხელაიამ განაცხადა, ტენდერების შეწყვეტის მიზეზი ის გახდა, რომ ხელშეკრულებები არაკვალიფიციურად იყო შედგენილი. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ახალი ტენდერები განახლებული პირობებით  უახლოეს დღეებში  გამოცხადდება. თბილისის მერიის განმარტებით, ხელშეკრულებაში მკაფიოდ იქნება გაწერილი სამუშაოების შესრულების  ეტაპები. სავალდებულო გახდება განსახორციელებელ სამუშაოთა გეგმა-გრაფიკების წარმოდგენა. მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, გამკაცრდება საჯარიმო სანქციები. ამასთან, საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, კონტრაქტორებს მიეცემა წინა პერიოდთან შედარებით მეტი ავანსი. 

"შეწყვეტილია 31 ინფრასტრუქტურული ტენდერი. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ თვითონ ხელშეკრულებები იყო შედგენილი არაკვალიფიციურად. არ იყო განსაზღვრული, მკაფიოდ გამოკვეთილი კონტრაქტორთა ვალდებულებები. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავამკაცროთ მთელი რიგი ვალდებულებები, რომელიც შეეხება კონტრაქტორების მიერ საგარანტიო პირობების შესრულებას. ასევე გადაიხედება მთლიანად იურიდიული კუთხით და მოხდება მისი იურიდიული დახვეწა. ამ ხელშეკრულების საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში საავანსო თანხის გაცემის წესი შეიცვლება, ასევე მოხდება სამუშაოების შესრულებაზე მკაცრი კონტროლი", - თქვა მერის მოადგილემ გიორგი ხელაიამ და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები, მუდმივმოქმედი ჯგუფები იმუშავებენ და ტენდერებზე კონტროლს განახორციელებენ. 

"მინდა გავაფრთხილო ყველა ის ადამიანი, ვინც მიიღებს ასეთ ტენდერებში მონაწილეობას, ჩვენი მხრიდან იქნება უმკაცრესი კონტროლი დაწესებული სამუშაოთა მიმდინარეობის პერიოდში შესრულებული სამუშაოს ხარისხზე. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს ახალი რეგულაცია, ამ მთლიანი კონტრაქტის 5% დაკავდება და მისი გადახდა მოხდება ორ ნაწილად, პირველი ნაწილი კონტრაქტის დასრულების შემდეგ და მეორე ნაწილი, როდესაც დასრულდება შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა", - განაცხადა მერის მოადგილემ და აღნიშნა, რომ თბილისის მთავრობისთვის პრიორიტეტად რჩება შესრულებული სამუშაოს ხარისხი. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით,  შეჩერებულ  პროექტებს შორის არის ზაჰესის სარკინიგზო ხიდის მშენებლობა, საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია და სპორტული მოედნების მშენებლობა. 

აღნიშნულ საკითხს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დააყენებს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ირაკლი აბესაძის თქმით, ფორმალურად, კანონმდებლობიდან გამომდინარე, თბილისის მერიას შეუძლია, შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.

"მაგრამ ამით ირღვვა თბილისელების ინტერესები, გაჭიანურდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც, საბოლოო ჯამში, თბილისის და თბილისელების ინტერესებს დააზარალებს", - აღნიშნა აბესაძემ.

კომენტარები