კრიზისი უკრაინაში

რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონა უკრაინაში მარიუპოლის მახლობლად შეიჭრა

უკრაინაში, ზღვისპირა ქალაქ ნოვოაზოვსკთან, ქალაქ მარიუპოლის მიმართულებით რუსეთიდან სამხედრო კოლონა შეიჭრა. ინფორმაცია ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭომ დაადასტურა. შეჭრილ სამხედრო კოლონას ცეცხლი უკრაინელმა მესაზღვრეებმა გაუხსნეს.

უკრაინულმა ძალებმა შემოჭრილი კოლონის ნაწილის მოძრაობა შეაჩერეს, მცირე ნაწილმა კი ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში შეაღწია. რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ბრძოლა მძიმე ტექნიკის და არტილერიის გამოყენებით მიმდინარეობდა.

"დღეს დილით რუსმა სამხედროებმა, რომელებიც თავს ადგილობრივ მეამბოხეებად ასაღებენ, თავდასხმა განახორციელეს, რათა დონეცკის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთით საბრძოლო მოქმედებების ახალი სექტორი გახსნან. მესაზღვრეები მათთან ბრძოლაში ჩაებნენ და დახმარება გამოიძახეს. მტრის ტექნიკის ძირითადი ნაწილის შემოჭრა შეჩერებულია", - განაცხადა უკრაინის უშიშროების საბჭოს სპიკერმა ანდრი ლისენკომ. 

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია HUMAN RIGHTS WATCH-მა დაგმო გუშინ დონეცკში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს სეპარატისტების მიერ მოწყობილი აღლუმი, რომელზეც ტერორისტებმა უკრაინელი ტყვეები გამოიყვანეს. ორგანიზაციის განცხადებით, ტყვეების ამგვარად დამცირება მიუღებელია და სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს. უკრაინის ხელისუფლება კი არ გამორიცხავს, რომ აღლუმში მონაწილეობის მისაღებად სეპარატისტებმა არა უკრაინელი ტყვეები, არამედ ციხეებიდან პატიმრები გამოიყვანეს. 

კომენტარები