რუსული ბაზარი

დანელია: რუსეთში პროდუქციის შეტანის შეზღუდვის მოთხოვნა არ მოგვსვლია

შსს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, საქართველოს მთავრობას ევროკავშირისგან არ მიუღია ოფიციალური მოთხოვნა, რუსეთში პროდუქციის შეტანაზე შეზღუდვის შესახებ. დანელია ბრიუსელის რეკომენდაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა სახელმწიფოებმა რუსეთის ბაზარზე ევროპელი მწარმოებლების პროდუქციის ჩანაცვლებისგან თავი უნდა შეიკავონ.

"მე ხაზს გავუსვამ, რომ ძალიან ბევრ განცხადებას აკეთებს ძალიან ბევრი წარმომადგენელი, მაგრამ მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ის განცხადებები, რომელიც იქნება ოფიციალურად მომართული საქართველოს მთავრობის მიმართ. შესაბამისად, ამ მიმართულებით არაფერი ოფიციალური არ ყოფილა და ახალს ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით", - განაცხადა დანელიამ.

ცნობისთვის, ბრიუსელი ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს აძლევს რეკომენდაციას, რომ რუსეთის ბაზარზე ევროპელი მწარმოებლების ჩანაცვლებისგან თავი შეიკავონ. ამის თაობაზე ევროკავშირის უკრაინის შესახებ საბჭოს დასკვნებშია აღნიშნული.

"იმისთვის,რომ მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობის შენარჩუნება და საერთაშორისო სამართლის დაცვა, ევროკავშირი მოელის მესამე და კანდიდატი ქვეყნებისგან, რომ ისინი თავს შეიკავებენ ისეთი ზომებისგან, რომლებიც აღნიშნული ზომების შედეგად შექმნილი ახალი სავაჭრო შესაძლებლობების ექსპლუატაციას შეიძლება ემსახურებოდეს", - წერია დასკვნაში.

ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი პიტერ სტანო ამ საკითხზე სააგენტო იტარ ტასსაც ესაუბრა. ინფორმაცია ვებგვერდზე 22 აგვისტოს გამოქვეყნდა.

"მე შემიძლია გავიმეორო ევროპული საბჭოს პოზიცია, რომელიც მესამე ქვეყნებს, პარტნიორებსა და კანდიდატებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ახალი სავაჭრო შესაძლებლობების გამოყენებისგან, რომლებიც ჩნდება რუსეთის შემზღუდავი ზომების შედეგად, რათა გამოხატონ საერთაშორისო სოლიდარობა და შეასრულონ საერთაშორისო კანონები. ჩვენ ვაგრძელებთ კონტაქტს მესამე ქვეყნებთან, მათ შორის, სერბეთთან. თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ მიზანშეუწონლად მივიჩნევთ ამ დიპლომატიური ნაბიჯების კომენტირებას“, - განაცხადა პიტერ სტანომ.

კომენტარები