რუსული ბაზარი

ხადური: საქართველოს პოტენციალი ევროპულ საქონელს რუსულ ბაზარზე ვერ ჩაანაცვლებს

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, "საქართველოს პოტენციალი, ძალიან ოპტიმისტებიც რომ ვიყოთ, ევროპულ საქონელს რუსულ ბაზარზე ვერ ჩაანაცვლებს". მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას ჯერ არ მიუღია ოფიციალური მოთხოვნა, რომ თავი შეიკავოს რუსულ ბაზარზე პროდუქციის გატანისგან. 

"საქართველოს პოტენციალი, ძალიან ოპტიმისტებიც რომ ვიყოთ, ვერ ჩაანაცვლებს ევროპულ საქონელს რუსულ ბაზარზე. როდესაც ამ მოთხოვნას ოფიციალურად ვნახავთ, მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო იმსჯელებენ ამ საკითხზე. მე ჯერ არ მაქვს ოფიციალურად ეს ინფორმაცია", - თქვა ხადურმა. 

ბრიუსელის რეკომენდაციით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა სახელმწიფოებმა რუსეთის ბაზარზე ევროპელი მწარმოებლების პროდუქციის ჩანაცვლებისგან თავი უნდა შეიკავონ. ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სტანომ განაცხადა.

"მე შემიძლია გავიმეორო ევროპული საბჭოს პოზიცია, რომელიც მესამე ქვეყნებს, პარტნიორებსა და კანდიდატებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ახალი სავაჭრო შესაძლებლობების გამოყენებისგან, რომლებიც ჩნდება რუსეთის შემზღუდავი ზომების შედეგად, რათა გამოხატონ საერთაშორისო სოლიდარობა და შეასრულონ საერთაშორისო კანონები. ჩვენ ვაგრძელებთ კონტაქტს მესამე ქვეყნებთან, მათ შორის, სერბეთთან. თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ მიზანშეუწონლად მივიჩნევთ ამ დიპლომატიური ნაბიჯების კომენტირებას“, - განაცხადა პიტერ სტანომ.

კომენტარები