ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. მან ხმების 50.57% მიიღო და პირველივე ტურში გამარჯვებულად გამოცხადდა. მისმა მეტოქეებმა - ასლან ბჟანიამ, მერაბ ქიშმარიამ და ლეონიდ ძიაფშბამ 36%, 6% და 3% მიიღეს.

არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია გალის რაიონის მოსახლეობას - ქართველებზე გაცემული 25 ათასი აფხაზური პასპორტი ძალადაკარგულად გამოცხადდა. გალის რაიონში ხმის მიცემის საშუალება მხოლოდ 293 ადამიანს მიეცა.

აფხაზეთში გამართულ არჩევნებს არ ცნობს ევროკავშირი. ბრიუსელის განცხადებით, ევროპა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთში გამართული არჩევნების საკონსტიტუციო და სამართლებრივ ჩარჩოებს არ აღიარებს.

გამარჯვება რაულ ხაჯიმბას რუსეთის პრეზიდენტმა მიულოცა. ვლადიმირ პუტინმა მზადყოფნა გამოთქვა, სოხუმის რეჟიმთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიეროს.

არჩევნები ოკუპირებულ რეგინში მას შემდეგ დაინიშნა, რაც მაისში სოხუმის რეჟიმის ლიდერი ალექსანდრ ანქვაბი, ოპოზიციის გამოსვლების შედეგად, იძულებული გახდა, გადამდგარიყო. პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების დარიგება გახდა. რაულ ხაჯიმბა, რომელსაც ადრე მარიონეტული მთავრობის პრემიერის და ვიცეპრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, რუსეთთან ინტეგრაციის გაძლიერების და საბაჟო კავშირში გაწევრიანების ლოზუნგებით გამოდიოდა. არჩევნების შემდეგ მან განაცხადა, რომ აფხაზეთში პოლიტიკური სისტემის რეფორმირებას აპირებს.

კომენტარები