NDI-ის კვლევა

NDI: 55% ამართლებს სასამართლოს გადაწყვეტილებას მორატორიუმის გაუქმებაზე

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 55% ამართლებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, უცხოელებისთვის მიწის მიყიდვაზე არსებული მორატორიუმი გაუქმდა. კვლევაში მონაწილეთა 20% არ ამართლებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ხოლო 24% პასუხობს, რომ "არ ვიცი".

დასახლების ტიპის მიხედვით კი, ყველაზე მეტად, მიწის მიყიდვაზე არსებული მორატორიუმის გაუქმებას სოფელსა (61%) და აღმოსავლეთ საქართველოში (60%) ამართლებენ. გამოკითხულთა ყველაზე ნაკლები რაოდენობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ქალაქში (49%), თბილისსა (52%) და დასავლეთ საქართველოში (54%) ამართლებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის მიერ 2013 წლის საგაზაფხულო სესიაზე მიღებული კანონი, რომლის საფუძველზეც, უცხოელებსა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების მოპოვების უფლება შეუჩერდათ, არაკონსტიტუციურად ცნო.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პატრიარქი და განაცხადა, რომ "დღეს, როდესაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზეა და ბევრ შემთხვევაში, იძულებულია, თავისი ქონება ძალზე იაფად გაასხვისოს, ახალი რეალობა დიდი დარტყმის წინაშე დააყენებს სახელმწიფოს".

კომენტარები