საჯარო ფინანსები

საჯარო სექტორი Microsoft-ის ლიცენზირებული პროგრამების შესაძენად ემზადება

Windows-ის ლიცენზირებული პროგრამები გასაყიდად
შენონ სტეპლტონი / REUTERS

სამშაბათს, 19 აგვისტოს, მთავრობის ადმინისტრაციაში მაკოორდინირებელი კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც Microsoft-ის ლიცენზირებული საავტორო პროგრამების შეძენის პროცესის დაწყება განიხილება. კომისია 2014 წლის ბოლომდე შეისწავლის ლიცენზირებული საავტორო პროგრამების მფლობელთა წინადადებებს. 

Microsoft-ის საავტორო პროგრამების შეძენის მაკოორდინირებელ კომისიას მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი ილია ბეგიაშვილი ხელმძღვანელობს. 

„მიგვაჩნია, რომ Microsoft-თან თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში თანამედროვე, ლიცენზირებული საავტორო კომპიუტერული პროგრამების დანერგვის პროცესს", - ამბობს ილია ბეგიაშვილი. 

ინფორმაციულ-ტექნოლოგიური კომუნიკაციების საბჭოს (ICT) პრეზიდენტი და თავისუფალი უნივერსიტეტის CIO (დირექტორი საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში) გიგა შუბითიძე ემხრობა საავტორო უფლებების დაცვას სახელმწიფოს, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან, მაგრამ მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სექტორისთვის ასევე მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, თუ კონკრეტულად რა საქმიანობისთვის გამოიყენება კომპიუტერი თითოეულ უწყებაში, შემდეგ შერჩევა, თუ რა პროგრამული უზრუნველყოფა სჭირდება თითოეულ მომხმარებელს და ამის მიხედვით ჯგუფებად დაყოფა - რა ტიპის მომხმარებლები იყენებენ კომერციულ პლატფორმებს და რა ტიპის - ღია კოდის პროგრამებს. ღია კოდის პროგრამები კომერციული პლატფორმებისგან განსხვავებით ფინანსურად უფრო მომგებიანი ალტერნატივაა და კონკრეტული მომხმარებლის მოთხოვნებსაც სრულად დააკმაყოფილებს. 

სახელმწიფო სექტორში ყველა საქმის წარმოების სისტემა არის WEB Based, ანუ მოხელეები სისტემების გამოსაყენებლად ხმარობენ ინტერნეტბრაუზერს. თავად ოპერაციულ სისტემას რჩება ერთადერთი დანიშნულება - გაუშვას ბრაუზერი ან რომელიმე საოფისე პროგრამა. შესაბამისად, უმრავლესობა სამუშაო ადგილისა სახელმწიფო სექტორში შესაძლებელია ოპერაციული სისტემა ლინუქსის ბაზაზე იყოს, რომელიც არის უფასო, ღია კოდის ოპერაციული სისტემა (მაგალითად, ubuntu). დამეთანხმებით, Windows-ის გარემოდან გაუშვებთ ბრაუზერს თუ Linux-ის გარემოდან, სხვაობა არ არის, გარდა იმ რამოდენიმე მილიონი ლარისა წელიწადში, რისი გადახდაც სახელმწიფოს მოუწევს კერძო კომპანიებისთვის ყოველწლიურად, - განმარტავს შუბითიძე.

კომისიაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმუშავებენ. 

კომენტარები