სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ვედომოსტი: Роснефть-ი სანქციების გამო რუსეთის მთავრობას 45 მლრდ დოლარს სთხოვს

რუსეთის უმსხვილესმა ნავთობკომპანია Роснефть-მა მთავრობას ფინანსური დახმარება სთხოვა. ამის შესახებ რუსული გამოცემა ვედომოსტი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელმა იგორ სეჩინმა მთავრობას თითქმის 45 მილიარდი დოლარი კომპანიის დავალიანებების დასაფარად სთხოვა.

კომპანია Роснефть-ის, ასევე პირადად იგორ სეჩინის წინააღმდეგ სანქციები აშშ-მა და ევროკავშირმა უკრაინაში რუსული აგრესიის საპასუხოდ შემოიღეს. შესაბამისად, დასავლეთიდან საკრედიტო რესურსის მოზიდვა Роснефть-ს აღარ შეუძლია.

ვედომოსტის მიერ გავრცელებული ცნობის გადამოწმებას სააგენტო AFP შეეცადა. Роснефть-ის პრესმდივანმა სააგენტოს ელექტრონული ფოსტით შეატყობინა, რომ კომპანია ამ მომენტისათვის ამ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. კომენტარს არც რუსეთის მთავრობაში აკეთებენ.

Роснефть-ის დავალიანების დაფარვას სეჩინი „ეროვნული კეთილდღეობის ფონდის“ სახსრებიდან ითხოვს. თუმცა, ვედომოსტის ცნობით, ფონდში ამ ოდენობით თავისუფალი თანხები აღარ მოიპოვება.

კომენტარები