კარლ ბილდტი საქართველოზე

ბილდტი: ვინიშნავთ, რომ ღარიბაშვილს არ სურს მოუსმინოს საქართველოს მეგობრებს

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ეხმაურება. დღეს ღარიბაშვილმა ბილდტსა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლიკიავიჩუსს მათი მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის გამო "სააკაშვილის მეგობართა კლუბის" წევრები უწოდა.

"თუ საქართველოს პრემიერმინისტრს არ სურს, მოუსმინოს თავისი ქვეყნის საუკეთესო მეგობრებს ევროკავშირში, ეს მისი არჩევანია. ამას ვითვალისწინებთ", - წერს ბილდტი ტვიტერზე და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკიავიჩუსს "უზიარებს".

დღეს პრემიერი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი მთავრობის წევრების სამართლებრივი დევნის შესახებ შვედეთისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრების შეფასებებს გამოეხმაურა. ღარიბაშვილმა მათ სააკაშვილის მეგობართა კლუბის წევრები უწოდა და მათი კრიტიკული შეფასებები დასავლელი მინისტრების მეგობრული თანაგრძნობით ახსნა.

"მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ეს არის გარკვეული სააკაშვილის მეგობართა კლუბი, რომლებსაც აქვთ გარკვეული მეგობრული ვალდებულება და ისინი უბრალოდ თანაგრძნობას გამოხატავენ. მარტივად ასეა, მათ სამწუხაროდ არ იცოდნენ ის საშინელებები, რაც ხდებოდა საქართველოში წლების განმავლობაში. თუნდაც ომი, ეს ჩემთვის, რიგითი მოქალაქისთვის იყო შემზარავი, იმ ფაქტების, იმ კადრების ნახვა, რაც ჩვენ ვიხილეთ 2008 წლის ომის დროს. გაქცეული მთავარსარდალი და ნუ, არ ვიცი, ამას მომავალი თაობა კიდევ უფრო კარგად შეაფასებს და ძალიან მკაცრად შეაფასებს", - თქვა ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

საკუთარ Twitter-ზე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა დაწერა: "შერჩევითი მართლმსაჯულების შესაძლო გამოყენება შეუთავსებელია ევროინტეგრაციის პროცესთან. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს ამგვარი პრაქტიკისგან და ყველა ეჭვი თავიდან აიცილოს". ამავე სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა განცხადება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა, მისი თქმით: "საქართველოს ხელისუფლება სამართლებრივი სისტემის შურისძიებისთვის გამოყენების გამო ევროპისკენ მიმავალი გზიდან უხვევს. ეს ქვეყნის ინტერესებს აზიანებს".

ბილდტი საქართველოში მიმდინარე პროცესებს Twitter-ზე მოგვიანებით კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მან საკუთარ კომენტარს Civil.ge-ის სტატიის ბმული დაურთო. ხსენებულ სტატიაში მოყვანილია საქართველოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრების, ასევე მმართველი კოალიციის სხვა წევრების გამოხმაურებები დასავლელი პოლიტიკოსებისა და მედიის კრიტიკაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას მოჰყვა.

ბილდტმა ტვიტერზე დაწერა - "საქართველოს ხელისუფლება სამართლებრივი სისტემის შურისძიებისთვის გამოყენების გამო ევროპისკენ მიმავალი გზიდან უხვევს. ეს ქვეყნის ინტერესებს აზიანებს".

კომენტარები