ბარბარე რაფალიანცის საქმე

რაფალიანცის ოჯახმა პრემიერთან, ჭიკაიძესა და ბერიკაშვილთან შეხვედრა მოითხოვა

რუსთავი2

2012 წლის 30 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნების წინა ღამეს კოლაგში გარდაცვლილი ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრებმა დღეს საპროტესტო აქციები შს და კულტურის სამინისტროებთან, ასევე მთავრობის კანცელარიასთან გამართეს. მათ გამოძიების გაჭიანურება გააპროტესტეს.

შს სამინისტროსთან მათ მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ის თბილისში არ იმყოფება.

კულტურის სამინისტროსთან მინისტრის პირველ მოადგილე მანანა ბერიკაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს, რადგან, მათი თქმით, ბერიკაშვილი პირველი იყო, რომელმაც პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და მომხდარში ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ამის შემდეგ მინისტრის მოადგილისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ. ბერიკაშვილი სამინისტროში არ აღმოჩნდა.

მთავრობის კანცელარიასთან კი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა, ღარიბაშვილს დღეს მოქალაქეთა მიღების დღე არ ჰქონდა.

მოგვიანებით, ოჯახის წევრებს მთავრობის კანცელარიისა და შს სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ და შეთანხმდნენ, რომ გამოძიების მდგომარეობის დასადგენად, შეხვედრა უახლოეს მომავალში დაიგეგმება, რომელსაც, სავარაუდოდ, მინისტრი ჭიკაიძეც დაესწრება.

ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრებმა თბილისი უკვე დატოვეს.

ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა ღამეს კოლაგში წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები