სააკაშვილისა და მერაბიშვილის საქმე

ჯაფარიძე: ეს საქმეც არის ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებული

ზურაბ ჯაფარიძე
netgazeti.ge

ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილისთვის ვალერი გელაშვილთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალსაც პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

"ეს საქმეც არის ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებული. მემგონი ამაში უკვე ეჭვი აღარავის აღარ ეპარება. ამაზე ვსაუბრობთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ბევრი ჩვენი პარტნიორი დასავლეთში. მეორე ის, რომ პრემიერმა როცა წინასწარ იცის, რა ხდება პროკურატურაში, ეს არის კანონის დარღვევა და მან ეს შეცდომა უკვე დაუშვა რამდენჯერმე. უნდა იცოდეს, რომ მას არ უნდა ჰქონდეს ასეთი ინფორმაცია, რა ტიპის საქმეებზე რა მდგომარეობა პროკურატურაში. როდესაც ის ამას წინასწარ აანონსებს, ის ამით ცხადყოფს, რომ მას აქვს ეს ინფორმაცია, რაც არის ცუდი და არის კანონის დარღვევა", - თქვა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2005 წელს საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმასა და მისი ცემის ფაქტს.

"გამოძიებით დადგინდა შემდეგი: 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ „რეზონანსში" გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის ვალერი გელაშვილის სტატია სათაურით „ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს". აღნიშნულ სტატიაში ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, კერძოდ იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ.

აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა მოეხდინა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზედაც ირაკლი ოქრუაშვილისაგან მიიღო უარი. ამის გამო, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს.

დავალების მიღების შემდეგ ივანე მერაბიშვილმა მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ერეკლე კოდუას ორგანიზებით უზრუნველყო მიხეილ საააკაშვილის დავალების ზედმიწევნით შესრულება, რომელიც განხორციელდა 2005 წლის 14 ივლისს. კერძოდ, სოდ-ის ოპერატიულმა თანამშრომლებმა და შეიარაღებული სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, ქ.თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას,მოახდინეს ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება, რის შემდეგაც თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს და მის თანმხლებ პირებს. ერეკლე კოდუას დავალებითა და სოდ-ის სამმართველოს უფროსის გიორგი სირაძის ხელმძღვანელობით, მოქმედმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს ვალერი გელაშვილი, რომელიც დააწვინეს ასფალტზე და იარაღის კონდახებით სასტიკად ცემეს.

დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო: ქალა-ტვინის ტრავმა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობა ცხვირის და შუბლის არეში, ზედა და ქვედა ყბის ძვლების მოტეხილობა.

ვალერი გელაშვილის მიმართ მომხდარი ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2005 წლის 14 ივლისს, თუმცა იმ პერიოდში საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად არ განხორციელებულა არცერთი ქმედითი საგამოძიებო მოქმედება და 2013 წელს საქმეზე გამოძიების განახლებამდე აღნიშნული ფაქტი იყო გაუხსნელი.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ხსენებულ ფაქტზე, 2014 წლის 24 აპრილს პასუხისგებაში მიეცნენ ერეკლე კოდუა და გიორგი სირაძე სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით და ვინაიდან ისინი თავს არიდებენ გამოძიებას, მათ მიმართ გამოცხადებულია ძებნა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი საქართველოს პროკურატურის მიერ სრულად გახსნილია და ამ დანაშაულისთვის ბრალდებები გამოტანილია მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ერეკლე კოდუასა და გია სირაძის მიმართ.

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და შს ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიმართ გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები