საქართველო საერთაშორისო პრესაში

მელიკ კაილანი, Forbes: საქართველო არჩეული დიქტატურების ახალი ტალღის ნაწილია

მელიკ კაილანი Forbes-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „არჩეული დიქტატურების ახალი ტალღა მსოფლიოში" დემოკრატიული და არადემოკრატიული სისტემებისგან განხვავებულ ახალ, ჰიბრიდულ სისტემაზე საუბრობს და ამ პროცესს „არჩეული დიქტატურების ტრიუმფს" უწოდებს. მსგავსი მოდელის მაგალითად Forbes-ის კონტრიბუტორს რუსეთთან, ერაყთან, ირანთან, ვენესუელასთან, ეგვიპტესთან, თურქეთთან და ადრინდელ უკრაინასთან ერთად საქართველოც მოჰყავს.

„ფეთქებადი ახალი ამბების ნაკადის ქვეშ, კიდევ უფრო ღრმად შემაშფოთებელი ამბები ხდება: არჩეული დიქტატურების ტრიუმფი.

ჯერ კიდევ წინა ათწლეულამდე მსოფლიო ორი ტიპის სახელმწიფოებს იცნობდა - დემოკრატიულს და არადემოკრატიულს. ახლა ჩვენ მესამე, ჰიბრიდული სისტემებიც გვაქვს, რომლებსაც სხვაგვარად შესაძლოა არადემოკრატიული დემოკრატიები ვუწოდოთ. რუსეთი, ირანი, ერაყი, ვენესუელა, ეგვიპტე, თურქეთი, ადრინდელი უკრაინა, საქართველო ამის კონკრეტული მაგალითებია. რა აქვთ ამ რეჟმებს საერთო? მათ არჩეული ლიდერები ჰყავთ. ეს არის დემოკრატიული მხარე. მაგრამ ფაქტობრივად ყველა სხვა სტრუქტურა აღვირახსნილად ავტორიტარულს ჰგავს", - წერს კაილანი.

მისი მოსაზრებით, ამ მოდელის საერთო ატრიბუტები შემდეგია: მედიასა და ეკონომიკას ლიდერის გარემოცვა განაგებს; ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს გამუდმებით ავიწროვებენ, სისხლისსამართლებრივად დევნიან ან ამ საფრთხის ქვეშ ამყოფებენ; სახელმწიფო და რელიგია მჭიდრო ურთიერთკავშირში არიან; სასამართლო სისტემა მთავრობის დიქტატს ემორჩილება; ბოლომდე დაკნინებულია საგანმანათლებლო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა; კორუფცია ფეხმოკიდებულია სახელმწიფო ინსტიტუტებში; თავისუფალი ბაზარი პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ეწირება; უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები განტევების ვაცად არიან ქცეულნი და თითქმის ყოველთვის, ქვეყნის უბედურებები ავბედით გარე შეთქმულებებს ბრალდება, ძირითადად - აშშ-ს.

მაშინ, როდესაც სტატიაში თურქეთის შემთხვევაში მაგალითად პრემიერ ერდოღანის გარმოცვის ხელში არსებული ბიზნესი და მედიაა მოყვანილი, საქართველოს შემთხვევაში ამის მაგალითად ავტორი ყოფილი პრეზიდენტისა და მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენებას, ასევე, რუსეთის მსგავსად, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გარიგებას ასახელებს:

„საქართველოში ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი შეთითხნილი ბრალდებებით სხვა ყოფილ მინისტრებთან ერთად, ბრალდებულია მისი პარტიის გენერალური მდივანი და დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა... რუსეთსა და საქართველოში, ეკლესია და სახელმწიფო გარიგებაში არიან როგორც ფინანსურად, ასევე დოგმატურად - ეკლესია მორალურად ამართლებს სახელმწიფო პოლიტიკას".

ავტორის დასკვნით, დემოკრატიას მხოლოდ არჩევნები არ ქმნის და გასაკვირი არც ის არის, რომ მსგავს პირობებში, ლიდერებს ხშირად ხელახლაც ირჩევენ:

„თუ უკანასკნელი დეკადის მსოფლიო მოვლენებმა მნიშვნელოვანი გაკვეთილი გვასწავლა, ეს შემდეგია: მხოლოდ არჩევნები არ ქმნის დემოკრატიას. არჩევნებს დემოკრატიული ინსტიტუტების გარეშე მივყავართ არჩეული დიქტატურისკენ. ფაქტი, რომ ამდენი ლიდერი ხელახლა აირჩიეს ამ პირობებში, გასაკვირი არ უნდა იყოს. თუ აკონტროლებ კომუნიკაციის საშუალებებს, ამასთან, ავიწროვებ და აჩუმებ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და მედიას, ახდენ დასაქმებულთა ანაზღაურების მონოპოლიზებას, არ არის რთული, ხელახლა აგირჩიონ. მაგრამ ეს სცენარი ზედმეტად ბევრჯერ ვიხილეთ იმისთვის, რომ მსგავს სისტემებს დემოკრატია ვუწოდოთ. აქ არის დაბრკოლებაც: ისინი წარმოადგენენ სისტემის ახალ სახეს, მართვის კოდიფიცირებულ მიდგომას, რომელსაც შეუძლია და მეორდება კიდეც განსხვავებულ ქვეყნებში", - ვკითხულობთ სტატიაში.

კაილანის აზრით, საფრთხე სწორედ ესაა - აღწერილი ფენომენი ისეთივე თანმიმდევრული და სქემატურია, როგორც ერთ დროს კომუნისტურად, ფაშისტურად, ტოტალიტარულად ან ავტორიტარიტულად მიჩნეული სახელმწიფოების შემთხვევაში.

„შესაძლოა ვინმემ ეს შემოსაზღვროს ქვეყნებით, რომლებიც ნავთობით ცხოვრობენ ან ასეთ ქვეყნებზე არიან დამოკიდებულნი... საბოლოო ჯამში, არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ უნდა აღმოცენდეს არჩეული დიქტატურის ეს ახალი ჰიბრიდული სისტემა მხოლოდ ნავთობის წყაროს მახლობლად. შესაძლოა, აქამდე ასეთი სუბსიდირება საშუალებას აძლევდა რეჟიმებს, მყარად მდგარიყვნენ და მოექრთამათ ელექტორატი უფლებების დარღვევის პარალელურად. მაგრამ „იზმი" ახალგაზრდა რამაა. ჩვეულებრივ, კორუმპირებულ პოპულისტურ ავტოკრატიებს ლიმიტირებული დრო აქვთ; დემოკრატიის ძალზე მცირედი ოდენობის დამატებას კი შეუძლია, ეს პროცესი განავრცოს და გამრავლების საშუალება მისცეს. ბოლო-ბოლო, ირანის თეოკრატები სამ ათწლეულზე მეტს გადაურჩნენ. ერდოღანს, პუტინს და ჩავისტებს სწრაფად გაქრობის არაფერი ეტყობათ. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდებიან ისინი, მით უფრო მაცდური იქნება სხვებისათვის მიბაძვა", - წერს მელიკ კაილანი.

 

კომენტარები