საბანკო სექტორი

VTB-ს ქართველ მომხმარებელს სანქციების გამო პრობლემები არ შეექმნება

VTB
UkrBankInfo

აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ რუსული ბანკის VTB წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ქართველ მომხმარებლებზე პირდაპირ ზეგავლენას არ იქონიებს, რადგან ვითიბის საქართველოს ფილიალი დამოუკიდებელი ფინანსური და იურიდიული ერთეულია. მას აქვს საკუთარი კაპიტალი, რომელიც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაზარდეს ვითიბის აქციონერებმა. ქართველ მომხმარებლებს პრობლემა ანაბრებთან და საკრედიტო პროდუქტებთან დაკავშირებით არ შეექმნებათ - ამის შესახებ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკები ავრცელებს. 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთს გაფართოებული სექტორული სანქციები დაუწესეს, მათ შორის ფინანსურ სექტორზეც. ბანკებს, რომელთა წილსაც სახელმწიფო ფლობს (მათ შორის არის VTB) შეეზღუდათ უცხოურ კაპიტალზე წვდომა, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს ის რესურსი, რომლის მოზიდვასაც ეს ფინანსური ინსტიტუციები შეძლებენ. 

საზოგადოება და ბანკები მიიჩნევს, რომ სანქციებმა მომავალში შესაძლოა გარკვეული ზეგავლენა მსხვილი რუსული ბანკის ქართულ ფილიალზეც მოახდინოს, რადგან მისი შუამავალი ბანკები არიან ამერიკული და ევროპული ბანკები, რომლებმაც შესაძლოა საერთაშორისო გადარიცხვებთან დაკავშირებით VTB-ს გარკვეული შეზღუდვები  დაუწესონ.

კომენტარები