მეჩეთი ბათუმში

ბათუმში ორთაჯამეს მეჩეთი გაფართოვდება; მუსლიმთა კავშირი ახალ მეჩეთს ითხოვს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის განცხადებით, ახალი მეჩეთი ბათუმში აღარ აშენდება. მან მუსლიმ თემს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ იგეგმება ბათუმის ცენტრში არსებული ორთაჯამეს მეჩეთის გაფართოება. ხაბაძის თქმით, საკითხით პირადად პრემიერმინისტრია დაინტერესებული და პროცესს თავად გააკონტროლებს. აღნიშნული გადაწყვეტილებით კმაყოფილია სრულიად საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე, თუმცა, ახალი მეჩეთის აშენებას ითხოვს ქართველ მუსლიმთა კავშირი და აღნიშნავს, რომ ორთაჯამეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის სახეცვლილებაც დაუშვებელია. აღსანიშნავია, რომ მუსლიმები ბათუმის მეჩეთმა დღეს ვერ დაიტია, რის გამოც მორწმუნეთა ნაწილმა რამაზან-ბაირამის ლოცვა ღია ცის ქვეშ, წვიმაში აღავლინა. 

"მეჩეთის გაფართოება-მშენებლობის საკითხზე გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება. ჩვენ ახლო მომავალში შევქმნით კომისიას, რომელიც იმუშავებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მეჩეთის გვერდით ტერიტორიაზე სამუშაოებს დავიწყებთ", - აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე.

სრულიად საქართველოს მუფთის ჯემალ პაქსაძის თქმით კი, "ჩვენ გვწამს, გვჯერა იმის, რომ შესრულდება და გაკეთდება. მე მინდა, მრევლს მოთმინებისკენ მოვუწოდო. ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც უნდა მრევლს და ლოცვას როგორც შეეფერება. ამიტომ, სახელმწიფო ყოველთვის არსებობს ხალხით, ხალხი - სახელმწიფოთი. ამიტომ, ღმერთმა სახელმწიფოსაც მისცეს სიძლიერე და აყვავების და აღმშენებლობის გზა".

ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელის ტარიელ ნაკაიძის განცხადებით კი, მეჩეთის შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მისი სახეცვლილება შეუძლებელია. როგორც ნაკაიძემ აღნიშნა, "საკითხის დასმა მეჩეთის გაფართოებასთან დაკავშირებით არის მცდელობა, გახანგრძლივდეს მეჩეთის არაშენების პროცესი". ნაკაიძის თქმით, წლების განმავლობაში მეჩეთის მშენებლობის საკითხი არ დაიძრა, რადგან არ არსებობს მუსლიმების პრობლემის გადაწყვეტის პოლიტიკური ნება.

"ბაირამს ვულოცავ მუსლიმებს. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და პრობლემებზე საუბარი არაკომფორტულია, თუმცა დღევანდელმა ფაქტმა, რომ დღევანდელ ამინდში მუსლიმები ღია ცის ქვეშ, წვიმაში ლოცულობდნენ, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ გვჭირდება მოცულობითი მეჩეთი. მუფთმა და საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტეს, რომ უნდა მოხდეს არსებული მეჩეთის გაფართოება. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ნაკლებად შესრულებადია, რადგან მეჩეთის შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და არავინ მისცემს უფლებას, რაიმე სახეცვლილება მოხდეს. ამასთან ერთად, შევეცდებით დავარწმუნოთ როგორც საქართველოს მოსახლეობა, ასევე საქართველოს მთავრობა, რომ ბათუმში ერთი მეჩეთის მშენებლობა არ არის კატასტროფა, ეს არის დემოკრატიის სიმბოლო და ბათუმში ერთი მეჩეთი აუცილებლად აშენდება", - განაცხადა ნაკაიძემ.

კომენტარები