ვალუტა

ბიგ მაკის ინდექსის მიხედვით გრივნას ყველაზე დაბალი მსყიდველუნარიანობა აქვს

ბიგ მაკი
პაულო ფრიდმანი / Bloomberg | Getty Images

The Economist-მა 2014 წლის ბიგ მაკის ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბურგერი ყველაზე ძვირად ნორვეგიაში ფასობს, სადაც მისი ფასი $7.76-ის ეკვივალენტი ნორვეგიული კრონის ტოლია. წელს ყველაზე იაფი ბიგ მაკი უკრაინაში იყიდება, მისი ფასი $1.63-ის ეკვივალენტს შეადგენს უკრაინულ გრივნაში. აშშ-ში ერთი ბიგ მაკი $4.80 ღირს.

საქართველოში ბიგ მაკი 5.85 ლარი ანუ $3.33 ღირს. რეგიონის ქვეყნებიდან ქართული ბიგ მაკის ფასი თურქულ ფასთან შედარებით 25%-ით ნაკლებია.

ინდექსი ვალუტის მსიყიდევლობითი უნარის გამარტივებულ მოდელს წარმოადგენს, რომელშიც მხოლოდ ერთი პროდუქტი მონაწილეობს. ბიგ მაკის ინდექსის გამოყენებით შესაძლებელია ვალუტებს შორის არსებული დამოკიდებულებების განსაზღვრა.

ბიგ მაკი მსოფლიოს მასშტაბით სტანდარტიზებული პროდუქტია, ის 121 ქვეყანაში 35 000-ზე მეტ McDonald’s-ის სწრაფი კვების რესტორანში იყიდება. თუმცა არსებობს გამონაკლისიც - ინდოეთში რელიგიური მიზეზების გამო ბიგ მაკი არ იყიდება, ამიტომ ინდექსის გამოთვლისას იყენებენ ფრინველის ბურგერს მაჰარაჯა მაკს.

ბიგ მაკის დაბალი ფასი უკრაინაში სავარაუდოდ გამოწვეულია მრავალმხრივი პოლიტიკური დაძაბულობით, რომელიც გრივნაზე უარყოფითად აისახება. გასული წლების მონაცემებით, ერთ-ერთი ყველაზე იაფი ბიგ მაკი ჩინეთში იყო, თუმცა ამჟამად ჩინეთზე დაბალი ფასი 12 ქვეყანაშია, რაც ქვეყანაში მომხდარ ეკონომიკურ ცვლილებებზე მიანიშნებს.

ბიგ მაკის მაღალი ფასით გამოირჩევიან შვეიცარია, ვენესუელა და ბრაზილია.

ბიგ მაკის ინდექსის გამოთვლის მეორე მეთოდიც არსებობს, რომელიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე შეფარდების მონაცემს ადარებს ბიგ მაკის ფასს. ამ მეთოდით მიღებული მონაცემებით, ყველაზე ძვირი ბიგ მაკი ბრაზილიაში იყიდება, სადაც მსოფლიო ბანკის მონაცემებით მშპ ერთ სულ მოსახლეზე $11,208-ს შეადგენს, ხოლო ბიგ მაკის ფასი $5.88-ია. ამავე მონაცემებით, შემოსავლებთან შედარებით ყველაზე იაფი ბურგერი ჰონგ-კონგშია, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე $38,124-ია, ბიგ მაკი კი $2.43 ღირს.

The Economist-ი ბიგ მაკის ინდექსს 1986 წლიდან აქვეყნებს. სრული სტატისტიკური მონაცემები იხილეთ აქ

კომენტარები