ენერგეტიკა

ქვეყნისთვის ელექტროენერგიის მიწოდება გადამცემი ხაზის დაზიანების გამო შეწყდა

თბილისი
ანნა რამაზაშვილი

საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 27 ივლისის 22:35 საათზე შეწყდა. 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით ელექტროენერგიის მიწოდება 500 კილოვოტლიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის "იმერეთი" დაზიანების გამო შეწყდა. გადამცემი ხაზი საქრუსენერგოს ეკუთვნის. ასევე დაზიანებულია 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზი "კოლხიდა-2" და „პალიასტომი-1“.

ადგილზე გასულია „საქრუსენერგოს“ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ბრიგადები.

პირველადი ინფორმაციით ხაზი „იმერეთი“ არის გაწყვეტილი, მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია და დაზიანების მიზეზის დადგენა. 

მგზავრების ცნობით, საქართველოს მასშტაბით გაჩერებულია სამგზავრო მატარებლებიც. საქართველოს რკინიგზის პრესსამსახური ამ ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს, რომ როგორც კი რკინიგზას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება, განახლდება ყველა გაჩერებული მატარებლის მოძრაობა. 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ყველა საავადმყოფოს ინდივიდუალურად უნდა ჰქონდეთ საკუთარი ე.წ. ქვესადგური, იმისათვის რომ საავარიო სიტუაციაში საოპერაციო ბლოკებსა და სარეანიმაციო განყოფილებებს არ შეუწყდეთ ელექტროენერგიით უზრუნველყოფა. 

სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგება. 

გადამცემი ხაზების მფლობელი, საქრუსენერგო 1996 წლის 27 მაისს შეიქმნა. სააქციო საზოგადოება დაფუძნდა საქართველოს მთავრობის და რუსეთის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ხელძღვანელობის გადაწყვეტილების საფუძველზე.

რუსსაქენერგოს ვებსაიტზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, სააქციო საზოგადოების აქციონერები არიან საქართველოს სახელმწიფო, წარმოდგენილი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახით და ღია სააქციო საზოგადოება "ფედერალური საქსელო კომპანია" რუსეთის გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა.

კომენტარები