სამთავრობო ცვლილებები

კულტურის მინისტრად პრემიერი მიხეილ გიორგაძის კანდიდატურას წარადგენს

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერმინისტრი მიხეილ გიორგაძის კანდიდატურას წარადგენს.

”საზოგადოება მას იცნობს როგორც კულტურის სფეროს წარმატებულ მენეჯერს და არაერთი წარმატებული პროექტის ავტორს. იგი გახლავთ კომპანია "ისტერნ პრომოუშენის“ გენერალური მენეჯერი, თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორთა საბჭოს წევრი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური პროდიუსერი, ლონდონის ,,BPR Production“-ის ხელოვნების მენეჯმენტის პროგრამის კონსულტანტი, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკის დეპარტამენტის მრჩეველი” - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიხეილ გიორგაძეს აქვს ფართო კონტაქტები უცხოეთში კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, რაც ხელს შეუწყობს ქართული კულტურის გატანას მსოფლიო მასშტაბით და მის პოპულარიზაციას.

პრემიერის განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ საზოგადოება განსაკუთრებული ინტერესით ელოდა კულტურის მინისტრის კანდიდატურას, რაც ადასტურებს, რომ საზოგადოებისთვის კულტურის სფერო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი.

”ეს არის ის სფერო, რომლითაც საქართველო უნდა წარსდგეს მსოფლიოს წინაშე. სწორედ ამიტომ, კულტურის განვითარებას ახლებური, თანამედროვე, რეფორმატორული მიდგომა სჭირდება. ასეთია საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის მთელი გუნდის ხედვა. ბევრი მსჯელობის შედეგად შეირჩა ისეთი კანდიდატი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რაც დღეს კულტურის ახალი პოლიტიკისთვის არის საჭირო”- ამბობს პრემიერი.

კომენტარები