მაღალი პრემიები

ხადური: თქვენი ოჯახის წევრი რომ იღებდა 10 000-ლარიან პრემიას, უზნეობა არ იყო?

financial.ge

"წინა მთავრობის ფინანასთა მინისტრი თვეში 27 ათას ლარს იღებდა, დღევანდელი იღებს 5 ათას ლარს", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტში, უმცირესობის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. უმცირესობის წევრებმა მინისტრს გასულ წელს სამინისტროებში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოსთხოვეს. დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა ხადურს სთხოვა, განემარტა, ბიუჯეტის 700 მილიონით გარღვევის პირობებში, რამდენად ეთიკური იყო ის, რომ ბიუროკრატიამ ხელფასებისა და პრემიების სახით გეგმით გათვალისწინებულზე 7 მილიონით მეტი აიღო. ხადურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ პრემიები 11 მილიონი ლარით შემცირდა.

"როცა თქვენი ოჯახის წევრი საჯარო სამსახურში 10-ათასლარიან პრემიას იღებდა, ეს უზნეობა არ იყო?!", - მიმართა ხადურმა ნადირაშვილს, რაზეც უმცირესობის წევრმა განაცხადა, რომ ფინანსთა მინისტრი იტყუება.

"მე თქვენს მიმართ სიტყვა უზნეობა არ მიხმარია, მაგრამ შევცდი, რადგან თქვენ უკვე იტყუებით. 2013 წლის განმავლობაში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს აღებული აქვს 130 ათასი ლარის ფარგლებში პრემია, აქედან ერთჯერადად დეკემბრის თვეში - 33 ათასი ლარი. მის მოადგილეებს კი, 90 ათასი ლარის ფარგლებში, აქედან დეკემბრის თვეში 5 კაცზე წყალმომარაგების კომპანიაში გაწერილია 600 ათასი ლარი პრემია", - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

კომენტარები