TI-ს ანგარიში

TI: ბათუმის მერიაში იანვარ-მაისში პრემიები ხუთივე თვეს გასცეს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თვითმმართველობებში, ასევე აჭარის მთავრობასა და სამინისტროებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. კვლვევა 2014 წლის პირველი იანვრიდან მაისის ჩათვლით გაცემულ თანხებს ეხება, იმერეთის შემთხვევაში წარმოდგენილია 2014 წლის პირველი იანვრიდან მარტის ჩათვლით გაცემული პრემიების მონაცემები.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ცნობით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ არაერთი რეკომენდაციისა და გამოქვეყნებული კვლევების მიუხედავად, სიტუაცია არსებითად არ შეცვლილა. პრემიები შესაბამისი დასაბუთების გარეშე გაიცემა:

2014 წლის 1 იანვრიდან მაისის ჩათვლით სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმმართველობებში პრემიის სახით ჯამში 2 მილიონ 135 ათას ლარზე მეტი გაიცა. ყველაზე დიდი ოდენობით პრემია თვითმმართველ ქალაქ ფოთის (346 თანამშრომელზე 564106.1 ლარი ), ზუგდიდის (170 თანამშრომელზე 383584.5 ლარი), აბაშის (158 თანამშრომელზე - 344150 ლარი), სენაკისა (198 თანამშრომელზე 247940 ლარი) და მარტვილის (156 თანამშრომელზე 229990 ლარი) მუნიციპალიტეტებში გაიცა. ხობის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსა და საჯარო მოხელეებს კი მიმდინარე წელს პრემია არ აუღიათ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან კონჯარიამ 2014 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით პრემია სამჯერ აიღეს, ჯამში თანაბრად 7950/7950 ლარი. ამავე პერიოდში სამჯერ აიღო პრემია ფოთის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვასილ თოდუამაც, ჯამში 7550 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუამ კი ჯამში 8250 ლარი. სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ 2014 წლის პირველ ხუთ თვეში პრემია ორჯერ აიღო, ჯამში 5300 ლარის ოდენობით, ამავე ოდენობის პრემია მიიღო საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ხაბურზანიამ. აბაშის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმაც იანვრიდან მაისის ჩათვლის სამჯერ აიღო პრემია, ჯამში 7950 ლარის მოცულობით. მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ გოროზიამ კი ორჯერ, ჯამში 5300 ლარი, ამავე ოდენობის პრემია მიიღო ყოფილმა გამგებელმა მამუკა დანელიამ.

გურიის მხარის მუნიციპალიტეტებში 2014 წლის პირველ ხუთ თვეში პრემიის სახით ჯამში 580 ათას ლარზე მეტი გაიცა, ყველაზე მეტი რაოდენობით პრემია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში - 205 თანამშრომელზე 262 875 ლარი გაიცა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 210 თანამშრომელზე 103 097 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კი - 191 თანამშრომელზე 214 060 ლარი. გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში პრემია არ მიუღიათ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თვითმმართველობებში, კერძოდ - ხულოს, ქედას, ხელვაჩაურისა და ქობულეთის გამგეობასა და ბათუმის მერიაში 2014 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით პრემიის სახით ჯამში 1 861 197 ლარი გაიცა, ამათგან ყველაზე მეტი - 1 მილიონ ლარზე მეტი პრემიის სახით ბათუმის მერიის 471 თანამშრომელმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ ბათუმის მერიაში პრემია ხუთივე თვეს იქნა გაცემული. რაც შეეხება ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი ერმაკოვს (იგი ადგილობრივ არჩევნებში ბათუმის მერად აირჩიეს), მან 2014 წლის მარტიდან მაისი ჩათვლით პრემიის სახით 5535 ლარი მიიღო, მისმა წინამორბედბა ჯემალ ანანიძემ კი 2014 წლის იანვარში 2250 ლარი.

რაც შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლის უმაღლეს საბჭოს, პრემია ხუთჯერ, 2014 წლის ინავარიდან მაისის ჩათვლით ყოველ თვეს იქნა გაცემული, 98 თანამშრომელზე გაცემულმა პრემიის მოცულობამ ჯამში 333 158 ლარი შეადგინა, სამინისტროებსა და ცალკეულ უწყებებში კი ოთხჯერ, იანვრიდან აპრილის ჩათვლით იქნა გაცემული. ყველაზე დიდი ოდენობით პრემია აჭარის ავტონომიური რესპუბლის  მთავრობაში გაიცა - 124 თანამშრომელზე 358 044 ლარი, მათ შორის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ 2014 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით პრემიის სახით ჯამში 8650 ლარი მიიღო. ამავე პერიოდში განათლების, სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის მინისტრებმა თანაბარი ოდენობის პრემია 8160-8160 ლარი მიიღეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტმა დავით ბალაძემ კი პრემიის სახით 7140 ლარი მიიღო.

უმაღლესი საბჭოს მიერ TI-სთვის გაგზავნილ დოკუმენტში მითითებულია, რომ უმაღლესი საბჭოს წევრებს თანამდებობრივ სარგოსთან ერთად მიღებული აქვთ “უსწ კომპენსაცია”(უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის კომპენსაცია).

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახად, საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს უმაღლესი საბჭოს წევრების სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ფულადი ანაზღაურების ოდენობა.

TI-ს ცნობით, აღნიშნული ოდენობა “უსწ კომპენსაციისთვის” გაცემულ თანხებს ემთხვევა, რაც ბუნდოვანებას ქმნის და გაურკვეველია თუ რატომ უწოდებს აჭარის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ფულადი ანაზღაურებას კომპენსაციას.

ავთანდილ ბერიძემ, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა, 2014 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით თანამდებობრივი სარგოს გარდა (ჯამში 15 000 ლარი) უმაღესი საბჭოს წევრობისთვის კომპენსაციის სახით 13 750 ლარი მიიღო. ამავე პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მედეა ვასამემ თანამდებობრივი სარგოს გარდა (5 თვეზე ჯამში 11 750 ლარი) უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის კომპენსაციის სახით 11 750 ლარი მიიღო, ისევე როგორც უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებმა: ანზორ თხილაიშვილმა, ალექსანდრე ჩიტიშვილმა, თემურ კახიძემ, ირაკლი ჯაშმა, აკაკი ძნელაძემ, დავით ბაციკაძემ, გიორგი მასალკინმა, ჯემალ ფუტკარაძემ, სულხან ღლონტმა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დანარჩენ  წევრებს: მერაბ აბაშიძეს, მურმან ბერიძეს, თემურ ბოლქვაძეს, ასმათ დიასამიძეს, პეტრე  ზამბახიძე, ეკატერინე თარგამაძეს, სვეტლანა კუდბას და მიხეილ მჟავანაძეს თანაბარი ოდენობის თანამდებობრივი სარგოს (5 თვეზე 9 750 ლარი) გარდა, უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის კომპენსაციის სახით თითოეულს 10 750 ლარი აქვს მიღებული.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ მიაწოდა ქუთაისის მერიამ, ხონის, ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების გამგეობებმა, ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობებმა და საკრებულომ.

ხოლო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გაცემული ინფორმაციის მიხედვით, საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებზე 2014 წლის პირველ სამ თვეში ჯამში 18 560 ლარი იქნა გაცემული;

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მონაცემები მოწოდებულია იმგვარად, რომ გამოყოფილი არ არის ხელფასის და პრემიის ოდენობა, ხელფასისა და პრემიის სახით კი ჯამში 109 680 ლარი იქნა გაცემული;

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური წერილის თანახმად, გამგეობის თანამშრომლებზე პრემია არ გაცემულა, თუმცა ხელფასების ასახული მონაცემები აღემატება საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს #726 ბრძანებით შესაბამისი თანამდებობებისთვის განსაზღვრული სარგოების მაქსიმალურ ოდენობას და აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ ინფორმაცია არაზუსტადაა მოწოდებული.

2014 წლის იანვარ-მარტში პრემიები არ გაცემულა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების გამგეობასა და საკრებულოში.

ქვემო ჩამოთვილთაგან ყველაზე დიდი მოცულობის პრემია ქუთაისის საკრებულოში გაიცა, დაახლოებით 70 თანამშრომელზე 97 850 ლარი, მათ შორის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა პრემიის სახით იანვარში 2 700 ლარი აიღო, იგი თანამდებობიდან 2014 წლის თებერვალში გადადგა.

მიმდინარე წლის 26 ივნისს საქართველოს მთავრობამ საჯარო უწყებებში პრემიების გაცემის წესის დარეგულირების შესახებ დადგენილება მიიღო. თუმცა აღნიშნული წესი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე არ გავრცელდება. სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ განაცხადა, რომ არის რეკომენდაცია, რომ მათაც მიიღონ შესაბამისი დადგენილება პრემიების წესის შესახებ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს პოზიციით ხელისუფლების ასეთი მიდგომა არასწორია. პრემიების გაცემის წესი არა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, არამედ კომპლექსურად - ყველა საჯარო უწყებაზე, მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობაზეც უნდა გავრცელდეს. საკითხისადმი არაუნიფიცირებული მიდგომა გამოიწვევს ფინანსური რესურსების მართვის სხვადასხვა პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რაც პრემირებისა და დანამატების გაცემის არსებულ სისტემას უფრო გაუმართავს გახდის.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მთავრობას მიმართავს, რომ აღნიშნული წესი ადგილობრივ თვითმმართველობებზეც გაავრცელოს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებით, „თუკი აღნიშნული რეკომენდაცია არ იქნა მთავრობის მიერ გათვალისწინებული, მოვუწოდებთ მუნიციპალიტეტებს გაითვალისწინონ მთავრობის რეკომენდაცია და უახლოეს ხანებში თვითონვე დაარეგულირონ პრემიის გაცემის წესი - ამ მიზნით ადგილობრივ ხელისუფლებას ვთავაზობთ კონკრეტულ მექანიზმს საჯარო მოხელეთა და თანამდებობის პირთა პრემირების სისტემის მოსაწესრიგებლად“.

 დაწესდეს საჯარო მოხელეთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების კრიტერიუმები, რათა მოხელეზე გაცემული პრემია მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის შესაბამისი იყოს

 მოხდეს მხოლოდ იმ თანამშრომელთა წახალისება, რომლებიც გამორჩეულად კარგად ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ უფლებამოსილებებს. გადაწყვეტილება პრემირების შესახებ უნდა მიიღებოდეს ინდივიდუალურად, თითოეულ მოხელეზე

 პრემირების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, დასაბუთებული საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში,  საჯარო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ საჯარო მოხელეთა პრემირების გადაწყვეტილებების განსაჯაროება

 ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხლეებზე და თანამდებობის პირებზე პრემია გაიცეს წელიწადში მაქსიმუმ სამჯერ.

კომენტარები