ენერგეტიკა

ღარიბაშვილი: ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა არ იგეგმება

ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა არ იგეგმება და ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, რომელიც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გუშინ ამ თემაზე სრულიად უსაფუძვლო განცხადებები გაკეთდა და მიზანმიმართული კამპანია დაიწყო. 

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ პრემიერმინისტრს განუმარტა, რომ ამ თემაზე განცხადება ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენელმა მისთვის გაუგებარი მიზეზით გააკეთა, თუმცა ტარიფებს არანაირი ზრდა არ ემუქრება. აღსანიშნავია, რომ ტარიფის შესაძლო ზრდაზე გუშინ კახა კალაძის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმაც განაცხადა.

„ელექტროენერგიის ტარიფს ზრდა არ ემუქრება და შენარჩუნდება ის ტარიფი, რომელიც ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისას 4 თეთრით შემცირდა", - თქვა ვიცეპრემიერმა. 

ცნობისთვის, ელექტროენერგეტიკის სექტორში ახალი სატარიფო მეთოდოლოგიების შემუშავება დასრულდა. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, მეთოდოლოგიაში სამართლიანობის მაღალი ხარისხი შემოდის. კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა ახალი მეთოდოლოგია ელექტროენერგიის ტარიფზე, ვალიშვილი პასუხობს, რომ "ტარიფი მნიშვნელოვნად ნამდვილად არ გაიზრდება, თუმცა, გარკვეული ოპტიმიზაციის თვალსაზრისით შეიძლება რაღაც კომპონენტები გაიზარდოს". მისივე თქმით, "ტარიფი პრაქტიკულად არ გადაანგარიშებულა რამდენიმე წელია".

ენერგო-პრო ჯორჯიას გენერალური დირექტორის ნიკოლაი ნიკოლოვის თქმით კი, "ტარიფი ან ერთი თეთრით ან ნახევარი თეთრით უნდა გაიზარდოს" და "თუ უნდა სემეკს და მთავრობას, რომ იყოს კარგი მდგომარეობა ქსელში, ტარიფმა უნდა აიწიოს". თუმცა, მისი განცხადებიდან ცოტა ხანში, ენერგო-პრო ჯორჯიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ტარიფის გადახედვა ცალსახად არ ითვალისწინებს ტარიფის ზრდას.

კომენტარები