ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა

ბაქოში საქართველოს საზღვარზე 3 ტონამდე ჰეროინის ამოღებაზე ინფორმაცია არ აქვთ

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური არ ადასტურებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მომავალი სატვირთო მანქანის დაკავებას, რომელშიც 2 ტონა და 790 კილოგრამი თხევადი ჰეროინი აღმოჩნდა.

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა ელხან ნაგიევმა სააგენტო TURAN-ს უთხრა, რომ "ჩვენ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ჩვენთვის არ მოუმართავთ".

11 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი გამოავლინეს. დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე. 

"სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილის ჩხრეკისას დაახლოებით 2 ტონა და 790 კილოგრამი თხევადი ჰეროინი აღამოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცველებს დღემდე არ ამოუღიათ და ეს უპრეცედენტო ფაქტია. გამოძიებამ დაადგინა, რომ სატვირთო ავტომობილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოვიდა და თურქეთის მიმართულებით მოძრაობდა. სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილიდან 93 ერთეული 30-კილოგრამიანი კასრი თხევადი ჰეროინით ამოიღეს. საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის წინასწარი ცნობით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 80% სუფთა ჰეროინს შეიცავს, რომლის საბაზრო ღირებულება ასეულობით მილიონ დოლარს შეადგენს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, "მე მგონია, რომ ბევრი შს მინისტრი და ბევრი სამინისტრო ვერ დაიკვეხნის ამ ოდენობის ნარკოტიკების ამოღებას".

 

კომენტარები