ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში 2014

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი დაიწყო.

14 ივლისს პირველი მატჩი გამართა საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა. ვლადიმერ ისელიძისა და იოვან პოპოვიჩის გუნდი რუმინეთთან, ანგარიშით - 6:11 დამარცხდა.

პირველი პერიოდი რუმინელთა უპირატესობით დაიწყო და ქართველები ორი ბურთის სხვაობითაც აგებდნენ, თუმცა მალევე შეძლეს სხვაობის აღმოფხვრა, შემდეგ კი წინაც გავიდნენ - 4:3.

მეორე პერიოდში რუმინელებმა ანგარიში გაათაბანრეს და დაწინაურდნენ კიდეც. ნატურალიზირებულმა მარკო ელაჩამ ქართველებს მეორე პერიოდის ბოლოსკენ საყაიმო ანგარიშით გასვლის იმედი მისცა, მაგრამ ჭუმბურიძეს კარში ბურთი ბოლოს მაინც გავიდა - 5:6.

პოპოვიჩის გუნდი მესამე პერიოდიდან აირია, მეოთხეში კი შეიძლება ითქვას თითქმის მოიშალა. აშკარა იყო, რომ საკმაოდ ახალგაზრდულ გუნდს ასეთ დიდ ტურნირზე გამოსვლის გამოცდილება აკლდა.

მეოთხე პერიოდის დაწყებისას რუმინელები 5:8 იგებდნენ, ქართველები კი უტევდნენ, მაგრამ ხშირად შეცდომებს უშვებდნენ და ზუსტად ვერ ურტყამდნენ. შედეგად, ხვედელიანის შედეგიანი გასროლა ერთადერთი აღმოჩნდა პერიოდში და რუმინელებმა 6:11 გაიმარჯვეს.

შეგახსენებთ, რომ ეს საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მოახერხა.

ქართველები A ჯგუფში რუმინეთის გარდა, იტალიის, საბერძნეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობენ.

მომდევნო მატჩს პოპოვიჩისა და ისელიძის გუნდი დღეს, საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.



კომენტარები