ცესკო: 15:00-სთვის ამომრჩეველთა აქტივობა 24,2%-ია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 415 078-მა ამომრჩეველმა მიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა 24,2% შეადგენს. როგორც ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, თბილისში აქტივობა 23,5%-ია, ანუ ამ დროისთვის დედაქალაქში საკუთარი ნება 216 060-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. 15 ივნისის არჩევნებზე თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 23.8% იყო.

რაც შეეხება აქტივობას ოლქების მიხედვით, 15.00 საათის მონაცემებით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი (44%) ამ დროისათვის ხონის საარჩევნო უბნებზე მივიდა. ყველაზე დაბალი აქტივობა კი ბათუმშია, სადაც 17,1%-მა მიიღო მონაწილეობა.

თბილისში ყველაზე მაღალი აქტივობა დიდუბეში (26.6%) დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი, ისანში (20,3%).

კომენტარები