საქართველოს სახალხო დამცველი

ომბუდსმენის რწმუნებული ახალქალაქის დროებითი მოთავსების იზოლატორში არ შეუშვეს

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება შსს–ს ახალქალაქის პოლიციის განყოფილების თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებმაც სახალხო დამცველის წარმომადგენელს დროებითი მოთავსების იზოლატორში შესვლის უფლება არ მისცა.

"2014 წლის 11 ივლისს, 22.00 საათზე საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული არმენ მარანგოზიანი მივიდა ახალქალაქის პოლიციის განყოფილებაში, სადაც მოქალაქე მ.ი.-ს ოჯახის წევრთა ცნობით, მისი მოწმის სახით დაკითხვა მიმდინარეობდა. ახალქალაქის პოლიციის განყოფილების უფროსის ადგილის თემურ სხირტლაძის განცხადებით, მოქალაქე მ.ი. იმ დროისათვის უკვე აღარ იმყოფებოდა ახალქალაქის პოლიციის განყოფილებაში; იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ახალციხის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. თუმცა, ახალციხის პოლიციის განყოფილების ინფორმაციით, მსგავსი სახელით ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორში არავინ იმყოფებოდა.

არმენ მარანგოზიანი დაბრუნდა ახალქალაქის პოლიციის განყოფილებაში და შესაბამისი რწმუნების საფუძველზე, დროებითი მოთავსების იზოლატორში დაშვება მოითხოვა. პოლიციის მორიგე თანამშრომელმა არტუშ ჰარუთინიანმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს დმი-ში შესვლაზე უარი განუცხადა და პოლიციის ტერიტორიის დატოვებაც მოსთხოვა

საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით" - ნათქვამია ომბუდსმენის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები