რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ფანჯიკიძე: უცხოური ბიზნესიდან არ გამოირიცხება რუსეთის ბიზნესი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის შეფასებით, საქართველო-რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების შესაძლო გართულების ნიშნები ჯერჯერობით არ არის. მისი თქმით, 7 ივლისის აბაშიძე-კარასინის შეხვედრა პრაღაში სწორედ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებებს ეხებოდა.

"რაც შეეხება იმას, რომ შეიძლება გართულდეს სავაჭრო ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის, ჯერჯერობით, ამის ნიშნებს საბედნიეროდ ვერ ვხედავ და იმედი მაქვს, რომ ეს ასეც დარჩება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა 7 ივლისს პარაღაში გამართული შეხვედრა, რომ ჩვენ, ჩვენის მხრივ, განგვემარტა რუსი კოლეგებისთვის თუ რას ნიშნავდა ახალი პირობები საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისთვის, მოგვესმინა მათი შეკითხვები, გვეპასუხა შეკითხვებზე და აღმოგვეფხვრა ყველანაირი გაუგებრობა, რაც შეიძლება არსებობდეს. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. ორმხრივი ინტერესი არსებობს ამ თემის მიმართ და იმედი მაქვს, რომ სწორედ ის მოხდება, რაც პრემიერმა თქვა, რომ ის ახალი გამოწვევები გადაიზრდება და გადაითარგმნება ახალ შესაძლებლობებში. არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული საქართველოს მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ევროკავშირთან", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ, რომელიც ბათუმში მიმდინარე კონფერენციას - "საქართველოს ევროპული გზა" - ესწრება.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე გზას უხსნის არა მხოლოდ საქართველოს ბიზნესს ევროპისკენ და აძლევს მას ახალ პერსპექტივებს, არამედ ქმნის ხელსაყრელ პირობებს უცხოური ბიზნესის განვითარებისთვის საქართველოში.

"უცხოური ბიზნესიდან კი, არ გამოირიცხება რუსეთის ბიზნესი, პირიქით, ეს არის მათთვისაც ახალი შესაძლებლობები. ამიტომ, აი, ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც გვაქვს ჩვენი მეზობელი ქვეყნების მისამართით", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები