ინფრასტრუქტურა

პრემიერი: ანაკლიის პორტი ევროპა-აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა იქნება

„მჯერა, რომ ანაკლიის პორტი საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი იქნება და ეს პროექტი ისტორიულ მნიშვნელობას შეიძენს“, – თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, პორტის პროექტი საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე სიცოცხლისუნარიანი და პერსპექტიულია. „მოხარული ვარ, რომ ჩვენი მუშაობის შედეგად ეს გეგმა სრულიად რეალისტური გახდა. ჩვენ ამ საკითხზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და პორტის აშენების გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ მივიღეთ, რაც კვლევები ჩატარდა და კვალიფიციური დასკვნა დაიდო“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის აზრით, ანაკლიის პორტი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა იქნება. „მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის პორტს შესაძლებლობა ექნება მიიღოს დიდი ზომის - ე.წ. პანამაქსისა და პოსტპანამაქსის ტიპის გემები. პორტი შეძლებს 100 მილიონ ტონამდე შერეული ტვირთის გადამუშავებას. ეს მართლაც დიდი მასშტაბებია და უდავოდ იმის საფუძველს იძლევა, რომ ანაკლია საერთაშორისო მნიშვნელობის საკვანძო ადგილი, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბუნებრივი ლოგისტიკური კვანძი გახდეს“, – ამბობს ღარიბაშვილი. 

კომენტარები