ტაბულას თანამშრომლის დაკავება

საია ტაბულას თანამშრომლის საქმეზე მთავარ პროკურორს და სააპელაციოს მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტაბულას თანამშრომლის და მასთან ერთად მყოფი პირების დაჯარიმებას მეორე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრებს. ასევე, გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს მთავარ პროკურორს, რათა შეისწავლოს პოლიციელთა მხრიდან ამ საქმეზე გამოვლენილი სავარაუდოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებები. 

საია-ს განცხადებით, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება კანონს. სწორედ ამიტომ, ორგანიზაცია ადინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიჩნეული პირების სახელით სააპელაციო სასამართლოში საჩივარს წარადგენს და მოითხოვს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიღებული დადგენილების გაუქმებას და ტაბულას თანამშრომლისა და მისი ორი მეგობრის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეწყვეტას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არ არსებობის გამო. 

"საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ის ქმედებები, რომლის საფუძველზეც პოლიციელებმა სამართალდარღვევის ოქმები შეადგენეს. მიუხედავად ამისა, სასამართლომ 2014 წლის 1 ივლისს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო დაკავებული პირები და თითოეულს  ჯარიმის სახით 400 ლარის გადახდა დააკისრა. სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილებიდან გამომდინარე,  დაუმორჩილებლობად და პოლიციელთა მიმართ შეურაცხყოფად შეფასდა დაკავებული პირების აღელვება და ხმამაღალი ფორმით შემდეგი შეკითხვების დასმა: "რა ხდება, გვითხარით, რა დავაშავეთ,“ "რამე მაინც გვითხარით“, რაც წარმოუდგენელია  დაუმორჩილებლობას და პოლიციელთა შეურაცხყოფას წარმოადგენდეს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. სწორედ პოლიციაა ვალდებული ნებისმიერ დაკავებულ პირს უთხრას, გასაგები, მარტივი, არატექნიკური ფორმით დაკავების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. განსაკუთრებით სიმპტომატური იყო პოლიციის თანამშრომლის მიერ საქმის განხილვისას სასამართლო პროცესზე ნათქვამი ფრაზა: "რომ მოდის პოლიციელი და გეუბნება საბუთები, თქვენგან არ უნდა მოდიოდეს კითხვა, რატომ, რისთვის“ (ეს და სხვა მსგავსი ფრაზები დაფიქსირებულია სხდომის ოქმში)" - აცხადებს საია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოძიების დაწყების მოთხოვნით ასევე მიმართავს მთავარ პროკურორს, რათა შეისწავლოს პოლიციელთა მხრიდან ამ საქმესთან კავშირში გამოვლენილი სავარაუდოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებები.

"კერძოდ, ერთ-ერთ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს დაკავების შემდგომ სამედიცინო დოკუმენტის თანახმად თვალისა და ზურგის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები, რომლებიც მისივე განმარტებით, პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ზემოქმედების შედეგად მიიღო. სასამართლო პროცეზე პოლიციის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ დაკავებულს აღნიშნული დაზიანებები დაკავებამდე არ ჰქონდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით (Dikme v. Turkey), როდესაც პიროვნება პოლიციასთან ურთიერთობამდე  იმყოფება ფიზიკურად კარგ მდგომარეობაში და პოლიცისათან ურთიერთობის შემდეგ გააჩნია დაზიანებები, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება წარმოადგინოს დამაჯერებლი განმარტება, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული დაზიანებები, რისი შეუსრულებლობაც წამოწევს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საკითხს. ასევე გავრცელებულ ვიდეომასალაში (რომელიც მტკიცებულების სახით იყო წარდგენილი სასამართლო პროცესზე)  ისმის პოლიციელის მხრიდან ნათქვამი ფრაზა: ,,სადაც დაგინახავ, იქ დაგაკავებ“ (6:02 წუთიდან). აღნიშნული ფრაზა მიმართულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის/პირების მისამართით, და ასევე სავარაუდოდ შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული ფაქტები გამოძიებული იქნება სრულყოფილად, სწრაფად და ეფექტურად" - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

29 ივნისს გვიან ღამით 01:00 საათზე პოლიციამ მიზეზის გაცხადების გარეშე ტაბულას თანამშრომელი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პიროვნება დააკავა. პოლიციამ ისინი თავდაპირველად დოლიძის 28 ნომერში მდებარე განყოფილებაში გადაიყვანა. სამართალდაცველთა თქმით, მათ ინფორმაცია იარაღის უკანონო ტარების შესახებ ჰქონდათ, თუმცა დაკავებულებს ის არ აღმოაჩნდათ. მათი მეგობრები კი ეჭვს გამოთქვამდნენ იმის შესახებ, რომ პოლიციელები შესაძლოა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ტაბულას კითხვა, იყვნენ თუ არა პოლიციელები არაფხიზელ მდგომარეობაში, სამართალდამცველებმა უპასუხოდ დატოვეს.

აღნიშნულის დასადგენად ტაბულას იურისტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია გამოიძახა, თუმცა ისინი პოლიციის განყოფილებაში არ გამოცხადდნენ. ტაბულას დაკავებულმა თანამშრომელმა ვერც დაცვის უფლებით სარგებლობა შეძლო, რადგან იურისტი სამართალდამცველებმა მასთან სასაუბროდ არ შეუშვეს. რამდენიმე საათის შემდეგ დაკავებულები დიღმის მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში გადაიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს სახის არეში დაზიანებები ჰქონდა, რომლებიც, მისი მეგობრების თქმით, დაკავებამდე არ აღენიშნებოდა.

ტაბულას თანამშრომელს და მის ორ მეგობარს თბილისის საქალაქო სასამართლომ 400-400-ლარიანი ჯარიმა 1 ივლისს დააკისრა. მოსამართლემ მიზეზად, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა დაასახელა. მისი განმარტებით, წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, დაკავებისას სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა დაფიქსირდა. მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე მუხლით იხელმძღვანელა.

კომენტარები