ოპოზიციის კანდიდატები ენმ-ის რუსთავის მერობის კანდიდატს მხარდაჭერას უცხადებენ

საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების რუსთავის მერობის ოთხი კანდიდატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს მამუკა ჩიქოვანს მხარდაჭერას უცხადებს და არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში, მასთან თანამშრომლობას გეგმავს. სააგენტოს ცნობით, ამის შესახებ ერთობლივი განცხადება დღეს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჩვენი საქართველოს რუსთავის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ეროსი კიწმარიშვილმა, არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატმა ალექსანდრე ბერიძემ, ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიციის კანდიდატმა კობა ძლიერიშვილმა და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კანდიდატმა ივანე შათირიშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რუსთავის მერობის კანდიდატ მამუკა ჩიქოვანთან ერთად გააკეთეს.

ბრიფინგის მონაწილეების განცხადებით, მამუკა ჩიქოვანის გამარჯვების შემთხვევაში, მისივე წინადადებით, შეიქმნება რუსთავის მერობის ყოფილ კანდიდატთა საბჭო, რომელიც მათ მიერ წინასაარჩევნო პერიოდში რუსთავის მოსახლეობისათვის მიცემულ დაპირებების შესრულებას შეუწყობს ხელს. რუსთავის მერობის ყოფილმა კანდიდატებმა და ენმ-ის რუსთავის მერობის კანდიდატმა მამუკა ჩიქოვანმა დღეს სიმბოლურად ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებასაც მოაწერეს ხელი.

ქართული ოცნების რუსთავის მერობის კანდიდატის დავით ჯიქიას განცხადებით კი, რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატების ბრიფინგმა ცხადყო, რომ ისინი 15 ივნისამდეც აქტიურად უჭერდნენ მხარს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.

“ჩემი აზრით, ისინი არჩევნებამდეც უჭერდნენ მხარს იმ მმართველობას, რაც 9 წლის განმავლობაში იყო საქართველოში. ქართულმა ოცნებამ დაამტკიცა, რომ ხელისუფლება არ აპირებს ძალმომრეობით და დარღვევებით ქვეყნის მართვას. მე მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით მათი პარტიების თავმჯდომარეების, თუნდაც ნინო ბურჯანაძის, კახა კუკავას ან ირმა ინაშვილის ხედვა, უჭერენ ისინი მხარს ამ 9 წლიან მმართველობას? 12 ივლისს, რუსთავში არის არჩევნების მეორე ტური და ამ არჩევნებში, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ,“ - განაცხადა ჯიქიამ .

რუსთავის მერის პოსტის დასაკავებლად, 12 ივლისს, არჩევნების მეორე ტურში, ერთმანეთს ქართული ოცნების კანდიდატი დავით ჯიქია და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი დაუპირისპირდებიან.

კომენტარები