მელია: არ შეიძლება, უნიკალური შემთხვევა - II ტური დებატების გარეშე დამთავრდეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია კონკურენტ დავით ნარმანიას დებატებში მონაწილეობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. მისი თქმით, ნარმანიასგან წერილი, რომელზეც ქართული ოცნების კანდიდატი საუბრობდა, აქამდე არ მიუღია.

"მოვუწოდებ ბატონ ნარმანიას, რომ ეპისტოლარულ ჟანრში ურთიერთობას და მიმოწერას სჯობია, უბრალოდ იმ ტელეკომპანიებში მივიდეთ, საიდანაც დიდი ხანია მოწვევა მიღებულია. სამწუხაროა, რომ არ გამოცხადდა დებატებზე საზოგადოებრივ მაუწყებელში და მარტო ვიჯექი. იმედს ვიტოვებ, რომ დარჩენილ 5 დღეში იგი თანხმობას განაცხადებს - ჩვენ ერთად დავსხდებით და შედგება ის დებატები, რომელიც არა ბატონ ნარმანიას ან ბატონ მელიას, არამედ, რეალურად თბილისელებს სჭირდებათ, რათა ვიდებატოთ საგნობრივად იმ საკითხზე, რომელიც თბილისელებს აწუხებთ. მე მგონი, თბილისელები ამ პატივისცემას ნამდვილად იმსახურებენ, რადგან ეს არის ქალაქი, სადაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს და შეუძლებელია, რომ ეს უნიკალური შემთხვევა - მეორე ტური დამთავრდეს ისე, რომ არ შედგეს დებატები", - განაცხადა მელიამ.

თბილისსა და შვიდ თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური 12 ივლისს გაიმართება.

კომენტარები