ახალი ტექნოლოგიები

Blackphone - სმარტფონი, რომელიც ყველაზე უკეთ იცავს პირად ინფორმაციას

მაიკ იანკე, სმარტფონის ერთერთი შემქმნელის, Silent Circle, დამფუძნებელი Blackphone-ის სმარტფონით
პოლ რიჩარდსი / Getty Images

აშშ-ის დაზვერვის ყოფილი კონტრაქტორის, ედვარდ სნოუდენის, საქმის შემდეგ მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა პირადი მონაცემების, რომლებსაც მობილური ტელეფონები ინახავს, დაცულობისა და ხელმისაწვდომობის საკითხი.

2013 წლიდან სმარტფონების ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტად უსაფრთხოება და დაცულობა იქცა. შეიქმნა მოსმენისგან თავდაცვის აპლიკაციები სმარტფონებისთვის. აპლიკაციის შემოქმედის, Seecrypt Group Inc.-ის დირექტორის მაიკლ ბოლტერის განცხადებით, სატელეფონო მოსმენების სკანდალამდე მათ პროდუქციას აშშ-ში ცოტა მომხმარებელი ჰყავდა, რადგან ხალხი საკუთარი პირადი ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის უსაფრთხოებაზე არ ღელავდა. ედვარდ სნოუდენის სკანდალის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა და დღეს აშშ-ის ბაზარზე კომპანიას 1000%-იანი ზრდა აქვს.

ამ მოვლენების გამოძახილია Blackphone-იც, რომლის მთავარი სიძლიერე სწორედ მონაცემების მაქსიმალურად დაცვის შესაძლებლობაა. Geekphone-ის ახალი მოწყობილობა არც Apple iOs-ზე და არც Android-ზე არ იმუშავებს.

PrivOS იქნება Blackphone-სთვის შექმნილი სპეციალური ოპერაციული სისტემა. ეს სისტემა გამოირჩევა იმით, რომ მომხმარებლისთვის აქვს სპეციალური აპლიკაციები, რომლებიც გაძლევთ საშუალებას, თავად გადაწყვიტოთ რა ინფორმაცია გასაჯაროვდეს და რა არა და ნახოთ, რომელი სერვერი თუ აპლიკაცია რა ინფორმაციას იყენებს.

ტელეფონს ექნება 2GHz ოთხბირთვიანი Nvidia Tegra 4i პროცესორი, HD Ips ეკრანი, 2GB RAM და 16  gb შიდა მეხსიერება. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ტელეფონია, რომელიც ამ პროცესორით იმუშავებს.

სმარტფონის ერთ-ერთი შემქმნელის, Silent Circle, დამფუძნებელმა, მაიკ იანკემ, ონლაინგამოცემა Mashable-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ 100%-ით დაცული ტელეფონი არ არსებობს, და თუ Blackphone-ის მფლობელი ცნობილი ტერორისტი ან კრიმინალია, სახელმწიფო რაღაცნაირად მაინც მოახერხებს ტელეფონში შეღწევას, თუმცა PrivatOS-ს ექნება დაშიფრული კომუნიკაციის აპლიკაცია, 5-გიგაბაიტიანი ღრუბელი მონაცემების შესანახად, რომელიც ასევე დაიშიფრება და ინტერნეტის ანონიმურად დათვალიერების ფუნქცია. ტელეფონი ასევე აღიჭურვება ვირტუალური დაცული ქსელით disconnect.me-სგან. 

ეს არის იმ ფუნქციების შეზღუდული ჩამონათვალი, რომელიც Blackphone-ს აქცევს ბაზარზე ყველაზე დაცულ სმარტფონად, რომელიც მომხმარებლისთვის ივნისიდან უკვე ხელმისაწვდომია და 629 ამერიკული დოლარი ღირს. 

კომენტარები