მარგველაშვილი: თამარ ჟვანია არის ძალიან პრინციპული სახელმწიფო მოხელე

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩევნების მეორე ტურის თარიღის გამოცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მას დიდი ნდობა აქვს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ხელმძღვანელის თამარ ჟვანიასი, რომელიც აჩვენებს, რომ ”ძალიან პრინციპული სახელმწიფო მოხელეა”. მისი თქმით, თვითონ ის ფაქტი, რომ მეორე ტური ტარდება, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს  დემოკრატიული სისტემის კონკურენტუნარიანობას.

"მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოში უკვე ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები. თვითონ ის ფაქტი, რომ არის მეორე ტური, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კონკურენტუნარიანობას ჩვენი დემოკრატიული სისტემის. მე ვფიქრობ, ამაში არავის ეჭვი არ ეპარება, რომ თითოეული მოქალაქის ხმას მნიშვნელობა აქვს არჩევნებში და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ დემოკრატიულ გარემოში. ბუნებრივია, მნიშვნელოვანია მეორე ტურიც ჩატარდეს ასევე დემოკრატიული ტრადიციებისა და პროცედურებების დაცვით. მე მაქვს, სხვათა შორის, დიდი ნდობა ჩვენი საარჩევნო ადმინისტრაციის, განსაკუთრებით კი საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ქალბატონი ჟვანიასი, რომელიც აჩვენებს, რომ ის არის ძალიან პრინციპული სახელმწიფო მოხელე და აფუძნებს ახალ ტრადიციას დემოკრატიული და მიუკერძოებელი საარჩევნო კომისიისა საქართველოში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს გაიმართება.

კომენტარები