სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი

სამინისტრო: სასჯელთა უპირობო შთანთქმა და უპირობო შეკრება ერთნაირად ნაკლოვანია

იუსტიციის სამინისტროს შეფასებით, "სასჯელთა უპირობო შთანთქმის პრინციპი ისევე ნაკლოვანია, როგორც სასჯელთა უპირობო შეკრების პრინციპი, რადგან არც ასეთ შემთხვევაში ხდება საბოლოო სასჯელის დანიშვნა საქმის კონკრეტული გარემოებებიდან, დამნაშავის პიროვნებიდან და ჩადენილ ქმედებათა საშიშროებიდან გამომდინარე". დანაშაულის შეკრებითობის პრინციპის აღდგენასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ სასჯელთა უპირობო შთანთქმის პრინციპმა შეიძლება უბიძგოს დამნაშავეს, ერთ დანაშაულთან ერთად ჩაიდინოს ორი, სამი ან მეტი დანაშაული, რადგან ეცოდინება, რომ მხოლოდ ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის დაისჯება.

იუსტიციის სამინისტრო 1999 წელს მიღებულ სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედ რედაქციას იხსენებს და აღნიშნავს, რომ  მაშინ 59-ე მუხლში ჩაიდო პრინციპი, რომ დანაშაულთა ერთობლიობის დროს, თუ დანაშაულთა ერთობლიობა შედგებოდა მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულთაგან, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავდა ნაკლებად მკაცრს; თუ იგი შედგებოდა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთაგან, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბებოდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები; ხოლო, თუ დანაშაულთა ერთობლიობა შედგებოდა ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთაგან, ანდა ნაკლებად მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთაგან, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავდა ნაკლებად მკაცრს ანდა ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბებოდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები.

"კოდექსი ითვალისწინებდა დიფერენცირებულ მიდგომას დანაშაულთა კატეგორიების მიხედვით დანაშაულთა სხვადასხვა კომბინაციების შემთხვევაში. ამასთან, რიგ შემთხვევებში კანონმდებელი მოსამართლეს უტოვებდა დისკრეციას, განესაზღვრა, თუ რომელი პრინციპი გამოყენებინა - სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების, მთლიანი შეკრების, თუ შთანთქმის. 2006 წელს, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, დადგინდა, რომ ყველა შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასჯელები მთლიანად შეიკრიბებოდა. წინა პერიოდის ალტერნატიული მიდგომისგან განსხვავებით, შემოიღეს ერთიანი, უნიფიცირებული - ე.წ. სასჯელთა „უპირობო შეკრების“ პრინციპი, როდესაც ნებისმიერ ვითარებაში, საქმის კონკრეტული გარემოებების მიუხედავად, დამნაშავის პიროვნებისა და ჩადენილ ქმედებათა საშიშროების მიუხედავად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის მიუხედავად, სასამართლოს ეკისრებოდა უპირობო ვალდებულება მთლიანად შეეკრიბა სასჯელები", - აცხადებს იუსტიციის სამინისტრო და აღნიშნავს, რომ 2013 წელს უწყებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც უნდა გაუქმებულიყო სასჯელთა უპირობო შეკრების პრინციპი და აღდგენილიყო ძველი, ალტერნატიული მიდგომის პრინციპი.

"თუმცა, საბოლოოდ ისე მოხდა, რომ პარლამენტმა მიიღო 59-ე მუხლის ისეთი ვერსია, რომლის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრი სასჯელი ყველა შემთხვევაში შთანთქავდა ნაკლებად მკაცრს. ფაქტიურად, ამით დადგინდა სასჯელთა „უპირობო შთანთქმის პრინციპი“. ამიტომ ჩვენ სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, რომელშიც იუსტიციის სამინისტროს გარდა ასევე შედიან სამართალდამცავი ორგანოების, საქართველოს პარლამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი და უცხოური სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სისხლის სამართლის სფეროს სპეციალისტები და ექსპერტები, მიღებულ იქნა წინადადება, რომ აღვადგინოთ ალტერნატიული მიდგომა და, ამასთანავე, სასჯელთა შეკრების შემთხვევაშიც კი, დადგინდეს საბოლოო სასჯელის ზედა ზღვარი. ჩვენ მიერ შემოთავაზებული რედაქცია ასეთია: „დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრ ან იგივე ზომის სასჯელს ან სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. სასჯელთა ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების შემთხვევაში, საბოლოოდ დანიშნული სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს ჩადენილ დანაშაულთა შორის ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელისა და მისი ნახევრის ჯამს“, - განმარტავს სამინისტრო.

კომენტარები