საქართველო რუსეთის წინააღმდეგ

ჭიკაიძე: რუსეთთან რაც მოხდა, წარსულში იყო და წარსულს ჩაბარდა

ალექსანდრე ჭიკაიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის შეფასებით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები ახალი, სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყოს. ჭიკაიძემ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, საქართველომ რუსეთს სახელმწიფოთაშორისი დავა მოუგო.

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სამართლიანი, როგორიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები უნდა დაიწყოს ახალი, სუფთა ფურცლიდან. ეს რაც იყო და რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა და ეს წარსულში იყო და წარსულს ჩაბარდა. ამ სასამართლოთი გაეცა ყველა კითხვას პასუხი", - თქვა ჭიკაიძემ.

სტრასბურგის სასამართლომ ეთნიკური ქართველების დეპორტაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საჩივარზე გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა. ამით დასრულდა შვიდწლიანი განხილვა სახელმწიფოთაშორის საჩივარზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ". სასამართლოს დიდი პალატის ღია სხდომას ორივე მხარის - საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები დაესწრნენ. აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფოს ინტერესებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იცავდა. 

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 2006 წელს დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა კოორდინირებულ პოლიტიკას ქართველების წინააღმდეგ დაკავებისას, დაპატიმრებისას და მასობრივად ქვეყნიდან გამოძევებისას და, შესაბამისად, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე ოქმის მეოთხე მუხლი. დაკავებისა და დაპატიმრების დროს ქართველები დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ, რითაც დაირღვა მე-3 და მე-5 მუხლები.

საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი 2007 წლის 26 მარტს შეიტანა. საჩივარი უკავშირდება რუსეთის მიერ 2006 წლის შემოდგომაზე გატარებულ სადამსჯელო პოლიტიკას, რომელსაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების დევნა, შევიწროება და ქვეყნიდან მათი მასობრივი დეპორტაცია მოჰყვა.

კომენტარები