საქართველო რუსეთის წინააღმდეგ

ბურჯალიანი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ხელისუფლებას დიდი ბრძოლა ელის წინ

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მოგებულ სახელმწიფოთაშორის დავასთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი ტაბულასთან საუბარში მიიჩნევს, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ აბსტრაქტული სამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ იმ ადამიანებისთვის, ვინც 2006 წლის პოლიტიკის მსხვერპლი გახდა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს ინტერესებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იცავდა. საქმეზე იურისტთა ჯგუფი სწორედ იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის თინა ბურჯალიანის ხელმძღვანელობით მუშაობდა.

"სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, ძალიან კარგია. ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ აბსტრაქტული სამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც გახდა ამ პოლიტიკის მსხვერპლი 2006 წელს. ბევრ მათგანს აქვს ინდივიდუალური განაცხადი სასამართლოში, და იმედი მაქვს, რომ სასამართლოს სახელმწიფოთაშორისი გადაწყვეტილება პირდაპირ პოზიტიურ გავლენას მოახდენს და დააჩქარებს ინდივიდუალურ საქმეებზე გადაწყვეტილების გამოტანას. ამავდროულად თქვენ ნახეთ, რომ ევროპულმა სასამართლომ გააჩინა შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა, ვინც მსხვერპლი იყვნენ სამართალდარღვევის, მიიღონ კომპენსაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, კონკრეტულ შედეგს მოიტანს. თუმცა, წინ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი. სასამართლომ მხარეებს მისცა 12 თვე, მოიფიქრონ, რა მექანიზმით მოხდება მსხვერპლის სამართლიანი დაკმაყოფილება. თუ ეს ვერ მოხერხდება 12 თვეში, შემდეგ შესაძლებლობა გვექნება, სასამართლოს დახმარებით დადგინდეს პროცედურები. საქმე საბოლოოა, დიდი პალატის გადაწყვეტილებაა და დაუყონებლივ გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს დაუყონებლივ აღსასრულებლად. მინიტრთა კომიტეტი განსაზღვრავს იმ ქმედებებს, რაც უნდა განახორციელოს რუსეთის ფედერაციამ დარღვევით დამდგარი შედეგების აღმოფხვრისთვის და ასევე მომავლისთვის, რომ აღარ განმეორდეს ასეთი დარღვევები", - აღნიშნავს ბურჯალიანი.

ბურჯალიანი იმედოვნებს, რომ სასამართლოს მყარი სამართლებრივი შეფასება, რომელიც საქართველომ მოიპოვა, ხელისუფლების მიერ მოთხოვნილ ადეკვატურ კომპენსაციაში "გადაითარგმნება".

"2007 წელს, როდესაც საჩივარი შევიდა მარტში და შემდეგ, 2012 წლის ივნისში ჩატარდა ბოლოს სხდომა - მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენი დამოკიდებულება იყო ასეთი, რომ ერთის მხრივ გვინდოდა, სამართლებრივი შეფასება მისცემოდა სასამართლოს მხრიდან რუსეთის ქმედებებს და მეორე მხრივ, სათანადო და ადეკვატური ანაზღაურება უნდა ყოფილიყო ყველა ზიანის, რომელიც ამ ქმედებებმა გამოიწვია. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა. იმედი მაქვს, რომ ეს მოთხოვნა შენარჩუნდება. ძალიან მინდა, რომ მყარი სამართლებრივი შეფასება, რომელიც მოიპოვა ქართულმა სახელმწიფომ, გადაითარგმნოს ადეკვატურ კომპენსაციაში და ადეკვატურ სამართლებრივ დაკმაყოფილებაში მსხვერპლთა მიმართ", - თქვა ბურჯალიანმა ტაბულასთან საუბარში.

გადაწყვეტილებაში წერია, რომ სამი მუხლი სასამართლომ არ მიიჩნია დარღვევად. თინა ბურჯალიანი ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "ზოგიერთი მუხლი ერთმანეთს ფარავს, ზოგზე აღმოაჩენ, რომ ისეთი მყარი მტკიცებულებები არ გაქვს. არა იმიტომ, რომ ეს არ მომხდარა, არამედ იმიტომ, რომ მტკიცებულებების მოპოვება ძნელია, ვერ მოხერხდა და ა.შ. მოსალოდნელი იყო, რომ ყველა მუხლზე დარღვევა ვერ დადგებოდა. თუმცა, მთავარ მუხლებზე დადგა".

იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე დარწმუნებულია, რომ რუსეთი უარს იტყვის დაკისრებული ვალდებულებების აღსრულებაზე და ამიტომაც მინისტრთა კომიტეტსა და საქართველოს ხელისუფლებას წინ დიდი ბრძოლა ელის.

"დარწმუნებული ვარ, ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთი უარს იტყვის ამ საქმის შესრულებასა და აღსრულებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრთა კომიტეტს და საქართველოს ხელისუფლებას დიდი ბრძოლა ელის წინ, უფრო სწორად "ხელისუფლებებს", რადგან არა მგონია ეს რამდენიმე წელში დასრულდეს. იმდენად მძიმე არის ეს ტექსტი გადაწყვეტილების, რომ, სავარაუდოდ, მინისტრთა კომიტეტის მხრიდან, განსახორციელებელი ქმედებების საკმაოდ ვრცელი სია იქნება.

რუსეთი არის ერთ-ერთი სახელმწიფო, რომელსაც ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს. ძალიან გამიკვირდება, თუ ეს გადაწყვეტილება გამონაკლისი იქნება", - მიიჩნევს ბურჯალიანი.

ტაბულას კითხვას - თუ რუსეთმა უარი განაცხადა ვალდებულებების შესრულებაზე, რა ზომები უნდა გატარდეს? - ბურჯალიანი პასუხობს, რომ "ზომები არსებობს მინისტრთა კომიტეტში, ევროსაბჭოში, ცივილიზებულ სამყაროში", რადგან, მისი თქმით, ამას მარტო ვერც ერთი სახელმწიფო შეძლებს.

"ზომები არსებობს ისევ მინისტრთა კომიტეტში, ისევ ევროსაბჭოში, დიპლომატიური ზეწოლაში. ყველა შესაძლო მშვიდობიანი ხერხის გამოყენება უნდა მოხდეს, რომ რუსეთი აიძულოს ცივილიზებულმა სამყარომ, ევროსაბჭომ მთლიანად, ამას მარტო ვერავინ ვერ შეძლებს, ვერც ერთი სახელმწიფო და ბუნებრივია, ვერც სახელმწიფო, რომ მან პატივი სცეს სასამართლოს გადაწყვეტილებას. სასამართლოს რეპუტაცია ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ ევროსაბჭოს ყველა წევრი სახელმწიფო იზრუნებს ამ რეპუტაციის შენარჩუნებაზე", - თქვა ბურჯალიანმა.

სტრასბურგის სასამართლომ ეთნიკური ქართველების დეპორტაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საჩივარზე გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა. ამით დასრულდა შვიდწლიანი განხილვა სახელმწიფოთაშორის საჩივარზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" . სასამართლოს დიდი პალატის ღია სხდომას ორივე მხარის − საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები დაესწრნენ. აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფოს ინტერესებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იცავდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 2006 წელს დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა კოორდინირებულ პოლიტიკას ქართველების წინააღმდეგ დაკავებისას, დაპატიმრებისას და მასობრივად ქვეყნიდან გამოძევებისას და, შესაბამისად, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე ოქმის მეოთხე მუხლი. დაკავებისა და დაპატიმრების დროს ქართველები დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ, რითაც დაირღვა მე-3 და მე-5 მუხლები.

საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი 2007 წლის 26 მარტს შეიტანა. საჩივარი უკავშირდება რუსეთის მიერ 2006 წლის შემოდგომაზე გატარებულ სადამსჯელო პოლიტიკას, რომელსაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების დევნა, შევიწროება და ქვეყნიდან მათი მასობრივი დეპორტაცია მოჰყვა.

კომენტარები