კრიმინალური ავტორიტეტი

კახა კალაძე: არ ვიცნობ ამ პიროვნებას, არანაირი კავშირი არ მქონია რემენასთან

ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ, ტელეკომპანია იმედის გადაცემაში, თეა სიჭინავას პოლიტიკის დრო, განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ბრალდება, თითქოს მან კრიმინალური ავტორიტეტის, რომან ბარბაქაძეს, იგივე რემენას საქართველოში ჩამოსვლას ხელი შეუწყო, სიცრუეა.  

”ეს არის აბსურდი და სიცრუე, ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს თავის სტილს. მათი პოლიტიკა სიცრუესა და დემაგოგიაზეა დაფუძნებული და ეს სიახლე არ არის ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენ წლებია ამ შოუებს ვუყურებთ. გავიხსენოთ თუნდაც 2012 წელი როცა მე მივიღე გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა ჩემთან მიმართებაში, როგორი შავი პიარი მიმდინარეობდა და ეს გრძელდება ფაქტობრივად. მაშინ ჯერ კიდევ თავიანთი ტელევიზიების მეშვეობით ახორციელებდნენ. მე სრული პასუხისმგებლობით და გულწრფელობით ვამბობ, რომ არ ვიცნობ ამ პიროვნებას, არანაირი კავშირი არ მქონია რემენასთან, არასდროს საერთოდ. კონკრეტული გვარი და სახელი ჩემთვის უცნობია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს გაგრძელებაა იმ პიარის, რომელიც წამოიწყეს 2012 წელს, თითქოს იტალიაში მე მქონდა შეხვედრა ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან. გვპირდებოდნენ რაღაც ვიდეოს გამოქვეყნებას ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს აღმოჩნდა სიცრუე” - განაცხადა ვიცეპრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კრიმინალური ავტორიტეტის რომან ბარბაქაძის (რემენა) საქართველოში დეპორტაციისა და "თბილისის აეროპორტიდან მისი გაქრობის" საქმეზე ვიცეპრემიერის კახა კალაძის დაკითხვას ითხოვს. პარტიის განცხადებით, "საქართველოს ხელისუფლებისა და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების ასეთი თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებას". ირმა ნადირაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე საქმის ახალ დეტალებზე ისაუბრა და "საქართველოს კანონმდებლობის უხეშად დარღვევის ფაქტის" სასწრაფოდ გამოძიება მოითხოვა. მისი თქმით, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შესწავლონ საზღვრის გადმოკვეთის ინფორმაცია, თბილისის აეროპორტის არსებული კამერების ჩანაწერები და დასაჯონ დანაშაულის ყველა მონაწილე.

ირმა ნადირაშვილის თქმით, რომან ბარბაქაძე აეროპორტის ტერიტორიიდან S-კლასის მერსედესით (სახელმწიფო ნომრებით ZQZ-222) გაიყვანეს, რომელიც მოქალაქე მარინა დოლიძე-კეჭაყმაძის (დაბადებული 1970 წელს) მფლობელობაში იმყოფება. დეპუტატის ინფორმაციით, მარინა დოლიძის მეუღლე ილია კეჭაყმაძე საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს ვიცეპრემიერის კუთვნილებაში მყოფი ბანკის - პროგრეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, ასევე, KALA CAPITAL LIMITTED-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და შპს კალა კაპიტალის დირექტორი.

კომენტარები