პარლამენტის თავმჯდომარე

უსუფაშვილი: ჩვენ ვბრუნდებით იქ სადაც ცივილიზაციურად იყო ჩვენი ადგილი

ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით საქართველო არ მიდის უცხო გარემოში, ის ბრუნდება "იქ სადაც ცივილიზაციურად ყოველთვის იყო ქართველების ადგილი". 

"მოგესალმებით ქართველო ევროპელებო! გილოცავთ, დღევანდელ დღეს! გილოცავთ იმას, რომ ასრულდა მრავალი თაობის ქართველთა ოცნება და საქართველომ გააკეთა თავისუფალი არჩევანი და გადადგა ნაბიჯი ევროპისკენ. მოგეხსენებათ, ევროპა არ არის სრულყოფილი, ევროპა არ არის ამქვეყნიური სამოთხე, მაგრამ ვიცით ისიც, რომ ევროპა არის ყველაზე თავისუფალი, ყველაზე სამართლიანი, ყველაზე უსაფრთხო. ევროპა არის ის ადგილი, სადაც ეროვნული თვითმყოფადობა ყველაზე უკეთ არის დაცული ყველაზე მცირე ერებისთვისაც კი. ჩვენ, პატარა საქართველო, მცირერიცხოვანი ქართველები არ ვართ შეშფოთებული იმით, რომ დიდ ევროპას ვუერთდებით, იმიტომ, რომ დღევანდელი ევროპის 28 წევრი სახელმწიფოდან 13 ჩვენზე პატარაა ტერიტორიით, 9 – ჩვენზე მცირერიცხოვანია მოსახლეობით, მაგრამ სორედ ამ ხალხებმა გაერთიანებულ ევროპაში ჰპოვეს მშვიდობა", - განაცხადა მან. 

მისივე თქმით, საქართველო გააგრძელებს კეთილმეზობლურ ურთიერთობას ყველა ქვეყანასტან. 

"ასე რომ, ჩვენ არ მივდივართ უცხო გარემოში, ჩვენ ვბრუნდებით იქ, სადაც ცივილიზაციურად ყოველთვის იყო ქართველების ადგილი. ამასთანავე, ჩვენ ევროპასთან ასოცირებით არსად არ მივდივართ კავკასიიდან, ჩვენი კულტურიდან, პირიქით, ვრჩებით იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავძლიერდეთ, გავმდიდრდეთ და უკეთ გავაცნოთ მსოფლიოს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გავაგრძელებთ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ყველა ქვეყანასთან, ვისაც ამის სურვილი ექნება, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული არჩევანისა. ჩვენ ვიღვაწებთ იმისთვის, რომ კავკასია იყოს მშვიდობიანი და ამას ევროპა მხოლოდ ხელს შეუწყობს", - აღნიშნა უსუფაშვილმა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ მინისტრს ერგო განსაკუთრებული მისია ხელი მოეწერა იმ დოკუმენტისთვის, რომელიც თითოეული მოქალაქის დოკუმენტია. 

"მას განგებამ განსაკუთრებული მისია არგუნა ხვედრად – მან მოაწერა ხელი იმ დოკუმენტს, რომელიც თითოეული ჩვენგანის დოკუმენტია და ეს ხელმოწერა თითოეული ჩვენგანის ხელმოწერაა, იმიტომ, რომ მან ჩვენი სახელით გააკეთა ეს ხელმოწერა, მაგრამ შრომა ახლა იწყება და ჩვენ იმედი გვაქვს, თავს გავართმევთ. მე მადლობას მოვახსენებ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ასევე მუხლჩაუხრელი იღწვოდა ამავე მიმართულებით და ჩვენ ყველამ ერთად, გაერთიანებული ძალებით უნდა გავაგრძელოთ სვლა. ვიაროთ ყველამ ერთად ამაყად თავაწეულებმა ევროპისკენ, ეს ჩვენი სახლიცაა უკვე", - თქვა მან. 

კომენტარები