ბოკერია: ეს არის ერთი ნაბიჯი, უნდა გვქონდეს რწმენა, რომ ამ გზის ბოლომდე მივალთ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, "ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ეს გზა უნდა გავაგრძელოთ". როგორც ბოკერიამ აღნიშნა, საქართველო უნდა იყოს მზად გამოწვევებისთვის. 

"ეს არის ნაბიჯი იმ მიმართულებით, რისთვისაც ჩვენი ქვეყანა, მრავალი თაობა მრავალი წლის განმავლობაში იღვოდა და იბრძოდა. ეს არის დაბრუნება იმ ოჯახში, სადაც არის ჩვენი ადგილი, ეს არის ევროპული ოჯახი, ოჯახი თავისუფალი ერების, თავისუფალი ქვეყნების, მაგრამ ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ეს არის ერთი, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ეს გზა უნდა გავაგრძელოთ, უნდა ვიყოთ მზად გამოწვევებისთვის და უნდა გვქონდეს რწმენა, რომ ამ გზაზე ბოლომდე მივალთ", - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 ივნისს, საქართველომ, ისევე, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმა.

კომენტარები