ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან უკრაინამაც გააფორმა. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ შეთანხმებას ხელი იმ კალმით მოაწერა, რომლითაც 2013 წლის ნოემბერში, ვილნიუსში უნდა მოწერილიყო. "ამ კალამზე შემდეგი სახის წარწერაა – უკრაინა, ევროკავშირი, ვილნიუსი 2013 წელი", - აღნიშნა მან.
"რა შესანიშნავი დღეა. შესაძლოა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ჩემი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ეს მომენტი არის ის მომენტი, რომელიც აერთიანებს წარსულსა და მომავალს. ეს არის იგივე კალამი, რომლითაც ვილნიუსში უნდა მოწერილიყო ხელი. კალამი იგივე რჩება. ეს ისტორიული ფაქტია", - თქვა პოროშენკომ.
პოროშენკოს თქმით, ასოცირების ხელშეკრულება არ არის მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური. "ეს არის რწმენის, თავისუფლების, გაუტეხავი მონდომების სიმბოლო. უკრაინას 7 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ეს ხელშეკრულება დაედო ევროკავშირთან. საბოლოოდ ჩვენ აქ ვართ. მთელი უკრაინა ყირიმის ჩათვლით", - აღნიშნა პოროშენკომ.
პოროშენკოს თქმით, ხელშეკრულების ხელმოწერით, უკრაინა იღებს უზარმაზარ ვალდებულებას რეფორმების გატარების თვალსაზრისით.
”ერთიან ევროპას არ აქვს ეროვნული ინტერესი. თავისუფლებისა და დემოკრატიის წარმატება პოსტსაბჭოთა სივრცეში დამოკიდებულია შესაძლებლობებზე, რომ ამ სამმა ქვეყანამ გაატაროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმები.
გარე აგრესია, რაც უკრაინამ განიცადა, კიდევ ერთი მიზეზია ამ ნაბიჯის გადასადგმელად. ხელშეკრულების ხელმოწერით, უკრაინა იღებს უზარმაზარ ვალდებულებას რეფორმების გატარების თვალსაზრისით.
ეს არის დოკუმენტი ერთობლივი პასუხისმგებლობისა. ველით, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს ჩვენს სუვერენულ არჩევანს და მხარს დაუჭერს ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას", - აღნიშნა პოროშენკომ.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებები დღეს გააფორმეს.





