საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ისტორიული მომენტია. მარგველაშვილი ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთოების კონფერენციას ესწრება.
"ეს ხელშეკრულება თითოეულ ქართულ ოჯახს ბევრ კარგს მოუტანს. ასოცირების ხელმოწერის მომენტიდან ჩვენ უკვე გაცხადებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს კიდევ უფრო გავაღრმავებთ და ვიმუშავებთ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის ნამდვილი წევრი. ვფიქრობ, რომ ეს ისტორიული მომენტია. საქართველო ხდება უფრო დაახლოებული ევროპულ ოჯახთან. ეს გამოიხატება ჩართულობით ეკონომიკების დაახლოების თვალსაზრისით, ჩვენ აგრეთვე ჩავერთვებით ევროპული უსაფრთხოების სისტემაში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულება დღეს ბრიუსელში გააფორმა. 1 135-გვერდიან დოკუმენტს ხელი მოაწერეს - საქართველოს მხრიდან ქვეყნის პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა; ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რომპუიმ. დოკუმენტზე ხელმოწერა დატოვეს ევროკავშირის 28-ვე წევრი ქვეყნის პირველმა პირებმა.





