მაღალი პრემიები

GNCC-ის და GPB-ის ხელმძღვანელებს პრემიებს პრემიერი გამოუწერს

საზოგადოებრივი მაუწყებლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და სხვა იმ სსიპ-ების ხელმძღვანელებზე, რომლებიც კონკრეტულ სამინისტროებს არ ექვემდებარებიან, პრემიებს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გასცემს. აღნიშნულს ითვალისწინებს საჯარო დაწესებულებებში პრემიების განსაზღვრის წესი, რომელიც საქართველოს მთავრობამ დღეს დაამტკიცა.

ახალი წესის მიხედვით, "საჯარო დაწესებულება არის მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები. სახელმწიფო მინისტრების აპარატები, ეკონომიკური საბჭო და სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო, საქართველოს დაზვერვის სამსახური, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საჯარო სამართლის იურიდიული პირები დაფინანსების წყაროს მიუხედავად. (გარდა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, რომლების ეწევიან რელიგიურ საქმიანობას)".

საზოგადოებრივი მაუწყებელი და საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია სწორედ საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან. მათ პრემიერის წინაშე ანგარიშვალდებულება არ აქვთ. 

მაგალითად, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია მუდმივმოქმედ დამოუკიდებელ ორგანოს წარმოადგენს. ის ვალდებულია, პრეზიდენტს და პარლამენტს წარუდგინოს საქმიანობის შესახებ ანგარიში, თუმცა, კანონის მიხედვით, არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ ექვემდებარება. ამის გარდა, კომისია არ ფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მიუხედავად ამისა, მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი წესის თანახმად, GNCC-ს ხელმძღვანელი, რაკი ის იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს, რომელიც არც ერთ სამინისტროს არ ქვემდებარება, პრემიერთან შეთანხმებით და მისი გადაწყვეტილებით მიიღებს პრემიას.

"საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემიის გაცემის საკითხს დაწესებულების ხელმძღვანელი, მისი უშუალო ხელმძღვანელის დასაბუთებული წარდგინების შემთხვევაში გადაწყვეტს. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეებზე, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებზე პრემიის გაცემა შესაძლებელი იქნება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი დასაბუთებით. იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელზე, რომელიც კონკრეტული სამინისტროს დაქვემდებარებაშია, პრემიის გაცემის საკითხს წყვეტს შესაბამისი მინისტრი, ხოლო იმ საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელზე, რომელთაც არ ჰყავთ ზემდგომი ორგანო, პრემიების გაცემის საკითზე გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერმინისტრი. ", - განაცხადა საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ.

კომენტარები