მაღალი პრემიები

მთავრობამ საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობა და გაცემის წესი განსაზღვრა

მთავრობამ საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი მიიღო. შესაბამისი დადგენილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.

საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს უფროსის ეკა ქარდავას განცხადებით, დადგენილების მიღება აუცილებელი გახდა იმიტომ, რომ კანონში არაერთგვაროვნად იყო ასახული აღნიშნული საკითხი და პრემიერმინისტრმა მისი დარეგულირება ჩათვალა საჭიროდ.

"შესაბამისად, დადგენილება მიღებულია და მისი შინარსიის შესახებ საზოგადოებას ძალიან მალე ეცნობება", - განაცხადა ქარდავამ.

პრემიების გაცემის ახალი წესის მიხედვით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირებს, საკუთარი თავისთვის პრემიის გამოწერა აღარ შეეძლებათ. მინისტრებს, ასევე, იმ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელსაც არ ჰყავს ზემდგომი ორგანო და არ იმყოფება კონკრეტული სამინისტროს დაქვემდებარებაში, პრემიას საქართველოს პრემიერმინისტრი გამოუწერს.

"საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემიის გაცემის საკითხს დაწესებულების ხელმძღვანელი, მისი უშუალო ხელმძღვანელის დასაბუთებული წარდგინების შემთხვევაში გადაწყვეტს. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეებზე, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებზე პრემიის გაცემა შესაძლებელი იქნება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი დასაბუთებით. იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელზე, რომელიც კონკრეტული სამინისტროს დაქვემდებარებაშია, პრემიის გაცემის საკითხს წყვეტს შესაბამისი მინისტრი, ხოლო იმ საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელზე, რომელთაც არ ჰყავთ ზემდგომი ორგანო და პირდაპირ პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში შემოდიან, პრემიების გაცემის საკითზე გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერმინისტრი. ", - განაცხადა ეკატერინე ქარდავამ.

აღსანიშნავია, რომ ახალი წესი ეხება მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებას და მასში შემავალ სტრუქტურებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს. საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის ეკატერინე ქარდავას თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული პრემიების გაცემის ერთიანი წესი ადგილობრივი თვითმმართველობის, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებზე არ გავრცელდება. თუმცა, ქარდავას თქმით, "მთავრობა მოუწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, მათ სისტემაში არსებულ მოხელეებზე პრემიის გაცემისას, მთავრობის მიერ შემუშავებული წესის ძირითადი მიმართულებები გაითვალისწინონ".

მისივე განმარტებით, "ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობრივ სარგოს, ინიცირების უფლება აქვს უწყების ხელმძღვანელს და გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს დაწესებულების ხელმძღვანელს, ამ შემთხვევაში - მინისტრს". ამასთან, პრემიის გაცემა შესაბამისი დასაბუთებით შესაძლებელია კვარტალში ერთხელ.

კომენტარები