კრიზისი უკრაინაში

კერი: რუსეთმა უკრაინაში მშვიდობის დამყარების განზრახვა საქმით უნდა დაამტკიცოს

truthrevolt.org

"რუსეთმა უკრაინაში მშვიდობის დამყარების განზრახვა საქმით უნდა დაამტკიცოს", - ამის შესახებ NATO-ს მინისტერიალის შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა. ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემუშავებული აქვთ და მათი შემოღება რუსეთის შემდგომ ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.

"მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტ პუტინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, საქმით დაამტკიცოს საკუთარი სიტყვები მშვიდობიანი მოწესრიგების განზრახვის შესახებ. ძალიან სასიხარულოა, რომ პუტინმა პარლამენტს მოსთხოვა იმ კანონის გაუქმება, რომელიც მას უკრაინაში ჯარების შეყვანის უფლებას ანიჭებს, ეს დიდი ნაბიჯია. მაგრამ მისი უკან შებრუნება 10 წუთში შეიძლება. ამ დროს, არსებობს ბევრი კონკრეტული საკითხი, რომელიც გადაწყვეტას მოითხოვს", - განაცხადა ჯონ კერიმ.

თავის მხრივ, ბრიუსელში ყოფნისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელსუფლება სამშვიდობო გეგმის ბოლომდე მიყვანას აპირებს.

"ჩვენ ვალდებულებების ერთგული ვრჩებით და ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტის რეჟიმს დავიცავთ. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ წინააღმდეგ საშიში პროვოკაციები ხორციელდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რომ დონეცკსა და ლუგანსკში სიტუაციის დეესკალაციას მივაღწიოთ", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა.

კომენტარები