ერთიანი ეროვნული გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

facebook.com/www.naec.ge

ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება. აბიტურიენტები 08.00 საათზე რეგისტრაციას საგამოცდო ცენტრებში გაივლიან.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, 2014 წლის ეროვნული გამოცდებისათვის საგამოცდო ცენტრების რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. 7 საგამოცდო ცენტრი გახსნილია თბილისში, 3 - ქუთაისში, ხოლო დანარჩენ ქალაქებში იქნება თითო-თითო. სულ საგამოცდო ცენტრები გაიხსნება ფოთში, ბათუმში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, თელავსა და ხულოში.

"ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ოთხ ნაკადად გაიმართება. 26-27 ივნისი გამოყოფილია ქართული ენისა და ლიტერატურისათვის, შაბათ-კვირას აბიტურიენტები დაისვენებენ, ორშაბათიდან კი დაიწყება ზოგადი უნარების ტესტირება. 16 ივლისს მთლიანად დასრულდება საგამოცდო პროცესი. ეტაპობრივად აბიტურიენტებს შეურთდებიან მაგისტრობის მსურველები, რომლებიც საგრანტო კონკურსში იღებენ მონაწილეობას და პედაგოგები, რომელთაც სურთ სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარება", - თქვა მიმინოშვილმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2014 წლის ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტებს სიახლეებს სთავაზობს. მიმინოშვილის თქმით, აბიტურიენტებს საშუალება აქვთ არჩევით საგნად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაც ჩააბარონ. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ საგანის სწავლება პირველი-მეცხრე კლასის ჩათვლით სავალდებულოა, დამამთავრებელ კლასებში კი არჩევით საგნად ისწავლება. ამასთან, უცხოური ენის გამოცდას დაემატება მოსმენის ნაწილი. გამოცდაზე დაახლოებით 10 წუთი იქნება გამოყოფილი იმისათვის, რომ აბიტურიენტებმა მოისმინონ უცხო ენის ტექსტი და მის საფუძველზე გააკეთონ რვადავალებიანი სავარჯიშო, შესაბამისად, ტესტის ამ ნაწილის მაქსიმალური შეფასება იქნება 8 ქულა.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირებულია 36 000-მდე აბიტურიენტი, პედაგოგთა სასეტირფიკაციო გამოცდისათვის 20 000-მდე აპლიკანტი, სტუდენტთა საგრანტო კონკურისათვის 4 500-მდე სტუდენტი, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის - 12 000-მდე აპლიკანტმა გაიარა რეგისტრაცია.

კომენტარები