NATO-საქართველო

რასმუსენი: ალიანსის წევრობის მსურველებისთვის NATO-ს კარი ღია რჩება

 

ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მინისტერიალი NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გახსნა. მან სიტყვით გამოსვლისას საქართველოს შესახებაც ისაუბრა. გენერალური მდივნის თქმით, ის, თუ რას შესთავაზებს NATO საქართველოს, უელსის სამიტამდე ცოტა ხნით ადრე გახდება ცნობილი. მისივე განცხადებით, NATO-ს ღია კარის პოლიტიკა წარმატებულია და კვლავ გაგრძელდება.

"ჩვენ გვქონდა არსებითი დისკუსია NATO-ს ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით და იმ ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ, რომლებიც NATO-ში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან. NATO-ს ღია კარის პოლიტიკას ისტორიული წარმატება აქვს. ეს სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც NATO-ს შეუერთდნენ, არამედ სასარგებლო იყო თვითონ NATO-სთვისაც. ჩვენი სამიტი უელსში ამ წარმატებას აღნიშნავს. მე მკაფიოდ ვიტყვი - ალიანსის წევრობის მსურველებისთვის NATO-ს კარი ღია რჩება. ვერც ერთი მესამე ქვეყანა NATO-ს გაფართოების საკითხზე ვეტოს უფლებას ვერ გამოიყენებს. ჩვენი პრინციპების დონეზე უკვე შევთანხმდით, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის დამოუკიდებელ პაკეტს შევთავაზებთ, რაც მას NATO-სთან უფრო დაახლოებაში დაეხმარება. ჩვენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ დეტალებს მომდევნო კვირების განმავლობაში შევიმუშავებთ", - თქვა რასმუსენმა. 

განცხადება იმის შესახებ, რომ უელსის სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრებმაც გააკეთეს.

"ჩვენ შევიმუშავებთ დღის წესრიგს. NATO-ს ღია კარის პოლიტიკა მნიშნელოვანი ფაქტორია. ბევრი ქვეყანაა, რომლებმაც დიდი პროგრესი განიცადეს. საქართველო ერთ-ერთი მათგანია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროგრესი უელსის სამიტზე აღიარებული იქნება", - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა.

"ჩვენ ვმუშაობთ ამ პაკეტზე. ევროპაში ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი მომავალი და ალიანსი. ეს უფლება აქვს საქართველოსაც. სხვა სახელმწიფოებმა ამას პატივი უნდა სცენ. ეს არის თანამშრომლობის ევროპული გზა", - აღნიშნა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანს ტიმერმანსმა.

კომენტარები